საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002184410
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№517აპ-18 ქ. თბილისი
უ. ბ., 517აპ-18 5 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით ბ. უ., - ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – 6 წლით, ხოლო სსკ-ის მე-19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ბ. უ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 20 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი დანარჩენი უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განაჩენით შეიცვალა სასჯელის ნაწილში: ბ. უ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით, ხოლო სსკ-ის მე-19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბ. უ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. უ-მა ჩაიდინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა, ასევე – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ძ-ს სოციალურ ქსელ „ტ-ის“ მეშვეობით დაუკავშირდა უცნობი მომხმარებელი და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ შესთავაზა გარკვეული სამუშაოს შესრულება, კერძოდ, ნ. ძ-ს თ-ში, უცნობი მომხმარებლის მიერ მითითებული ადგილიდან უნდა აეღო ბუშტში მოთავსებული ნივთიერებები და უნდა მოეთავსებინა თავისავე მიერ შერჩეულ სხვადასხვა ადგილზე, რის შემდეგაც ამ ადგილებისათვის უნდა გადაეღო ფოტოები და ზუსტი ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით, სოციალურ ქსელ „ტ-ის“ მეშვეობით უნდა გადაეგზავნა უცნობი მომხმარებლისათვის, რის სანაცვლოდაც იგი ონლაინსაფულე „ემანიზე“ არსებულ ნ. ძ-ის ანგარიშზე ჩარიცხავდა ფულს შესრულებული სამუშაოს ოდენობის მიხედვით. ამ საკითხზე ისინი შეთანხმდნენ.
· ნ. ძ-ი, უცნობი მომხმარებლის მითითებით, გაემართა თ-ზე, თ-ს მხარეს, მინდორში მდებარე ელექტროგადამცემ ბოძთან, საიდანაც შემდგომი გასაღების მიზნით, აიღო უცნობის მიერ მისთვის რეზინის ბუშტებში დატოვებული ნივთიერება. აღნიშნულის შესახებ ნ. ძ-მა უამბო თავის მეგობარ ბ. უ-ს, რომელსაც სთხოვა დახმარება და სანაცვლოდ მიღებული თანხის გაყოფას დაჰპირდა. ბ. უ. დაინტერესდა და შეთახმდნენ, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს დაეწყოთ საქმიანობა.
§ 2017 წლის 17 ოქტომბერს ნ. ძ-მა და ბ. უ-მა ბუშტებში დაფასოებული ნივთიერებები დატოვეს შემდეგ მისამართებზე: თ-ში, ვ. სადარბაზოში; მე- სადარბაზოში; მ- სადარბაზოში; მ- სადარბაზოში. აღნიშნული სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ, 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, ვ-ში, შ-ის ქუჩაზე მდებარე შპს „გ-ის“ ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ბ. უ-ს პირადი და მისი ავტომანქანის ჩხრეკისას, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ამოიღეს შემდეგი ნივთიერებები: 1. პირადი ჩხრეკისას – ორ ცალად დაფასოებული, მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა სპეციფიკური სუნით, რომელიც შეიცავს ნივთიერებებს – 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს; 2. ავტომანქანის ჩხრეკისას – 11 ცალად დაფასოებული, მომწვანო ფერის დაქუცმაცებულ მცენარეული მასა სპეციფიკური სუნით, რომელიც შეიცავს ნივთიერებებს – 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს და მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს.
§ პირადი ჩხრეკების დასრულების შემდეგ ნ. ძ-მა მიუთითა, რომ მათ მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნივთიერებებიდან ნაწილის დადება უკვე მოასწრეს ოთხ მისამართზე. იმავე დღეს, ნ. ძ-ის მითითებითა და მონაწილეობით, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც ამოიღეს რეზინის ბუშტებში დაფასოებული ნივთიერებები. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული, ოთხ ცალად დაფასოებული, მომწვანო ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა სპეციფიკური სუნით, შეიცავს ნივთიერებებს – 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს, რომლებიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. იმავე დასკვნის თანახმად, ბ. უ-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა და მათი საერთო წონაა 20,9432 გრამი. ნ.- ძ-მა და ბ. უ-მა 2017 წლის 17 ოქტომბერს, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვეღარ შეძლეს მათი ჩხრეკისას ამოღებული, უკანონოდ შეძენილი და შენახული დარჩენილი ნივთიერებების სხვადასხვა მისამართზე განთავსება და უკვე განთავსებული ნივთიერებების ადგილსამყოფლის მაჩვენებელი ფოტოების უცნობი მომხმარებლისათვის გადაგზავნა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. ჩ-ემ. მან ითხოვა ბ. უ-ს გამართლება საქართველოს სსკ-ის მე-19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან ამ ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს მხოლოდ ერთი მოწმის – ნ. ძ-ის განთქმითი ჩვენება, რომლის მიცემის შემდეგ ნ. ძ-თან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება; სხვა მტკიცებულება სასამართლოში ბრალდების მხარეს არ წარუდგენია; თვითონ ბ. უ-მა არ იცოდა, ნ. ძ-ი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს სარეალიზაციოდ თუ დებდა სხვადასხვა მისამართზე.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარადაა დადასტურებული ბ. უ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
7.1. პირადი ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ბ. უ-ს პირადი ჩხრეკისას მისგან ამოიღეს 2 წონაკი მათში არსებული ნივთიერებებით.
7.2. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს ბ. უ-ს ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ავტომანქანის სალონიდან, ე.წ. „ბარდაჩოკიდან“ ამოიღეს პოლიეთილენის პარკში გახვეული 10 წითელი ბუშტისმაგვარი რეზინის წონაკი მათში მოთავსებული მასებით, ასევე – პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იდო მოწითალო ფერის 1 ბუშტისმაგვარი რეზინის წონაკი მასში მოთავსებული მასით და სხვა ნივთებთან ერთად ბლოკნოტი ჩანაწერებით.
7.3. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ნ. ძ-მა სამართალდამცავებს მიუთითა და აჩვენა ის მისამართები, სადაც მან 2017 წლის 17 ოქტომბერს მოათავსა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ამოიღეს და დალუქეს ამავე ექსპერიმენტის დროს.
7.4. ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 18 ოქტომბრის №1731/სქ–2027/ქრ დასკვნის თანახმად, ბ. უ-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის, ასევე – საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული, დაქუცმაცებული, წონაკებად დაფასოებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა სპეციფიკური სუნით, შეიცავს ნივთიერებებს – 5-fluoro-ADB-ს, FUB-AMB-ს, რომლებიც მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. იმავე დასკვნის თანახმად, ბ. უ-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა და მათი საერთო წონაა – 20,9432 გრამი.
7.5. გრაფიკული ექსპერტიზის 2017 წლის 20 ნოემბრის №-- დასკვნიდან ირკვევა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილ უბის წიგნაკში, ე.წ. „ბლოკნოტში“ პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ფურცლებზე არსებული ჩანაწერები (ხელნაწერები) შესრულებულია ბ. უ-ს მიერ.
7.6. მოწმე ნ. ძ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ სოციალურ ქსელ „ტ-ის“ საშუალებით მასთან დაკავშირებული უცნობი პირის შეთავაზება ნარკოტიკული საშუალებების სხვადასხვა მისამართზე დატოვებასთან დაკავშირებით აცნობა ბ. უ-ს და შესთავაზა ეს სამსახური. ბ. უ. დასთანხმდა მის შეთავაზებას. 2017 წლის 17 ოქტომბერს მათ კონკრეტულ მისამართზე მიიტანეს ნარკოტიკი, რა დროსაც ისინი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. ბ. უ-ს ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ეკუთვნოდათ მას და ბ. უ-ს.
8. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბ. უ-ს ბრალეულობა ასევე დადასტურებულია მოწმეების – ზ. მ-ის, გ. ჩ-ის, ვ. პ-ის, გ. ქ-ის, ა. ნ-ის, თ. ს-ის, ა. ნ-ის, ნ. ნ-სა და პ. წ-ის ჩვენებებით. მოწმეთა ჩვენებებით ასევე უტყუარად დადასტურდა, რომ ბ. უ-ს დამკავებელ პირებს ეცვათ სამსახურებრივი ფორმა.
9. ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ბ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე