დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.05.2010
საქმის ნომერი
ას-1259-1518-09
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1259-1518-10 6 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ლ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ა-ი” (მოპასუხე)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 13 ივლისს სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ლ-შვილმა სს “ა-ის”, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, გ. თ-ძისა და რ. შ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ.

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ლ-შვილს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით ნ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანი მიადგა ნ. ლ-შვილის ვაგონს, ა. მ-იანის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, კერძოდ, მისი ბრძანების საფუძველზე ვაგონი გადატანილ იქნა სხვა ტერიტორიაზე. ამდენად, ზიანი წარმოიშვა დელიქტური ვალდებულებიდან. დადგენილია, რომ სს “ა-ის” დირექტორი ა. მ-იანი დაეხმარა მას ვაგონის შეკეთებაში. ზიანის ოდენობის, წარმოშობისა და მოცულობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ნ. ლ-შვილს არ წარმოუდგენია. არ დგინდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა. მ-იანის მოქმედებით ნ. ლ-შვილს მიადგა ზიანი 2005 წლის სექტემბრის შემდეგ და მას შემდეგ ნ. ლ-შვილმა ვერ განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა, რითაც მან ვერ მიიღო შემოსავალი, რომელსაც იგი მიიღებდა მეწარმეობის განხორცილებით.

აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნ. ლ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს ა. მ-იანი შეაკეთა ვაგონი. ა. მ-იანმა მასთან დასახმარებლად 2 საათით გამოუშვა ელ. შემდუღებელი, რომელმაც უარი თქვა უფასოდ მუშაობაზე და სულ რაღაც ნახევარი საათი იმუშავა.

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლი, კერძოდ, მიუთითა, რომ მისი ბრალით დადგა ზიანი. სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა, რომ თითქოს ა. მ-იანმა დაადგმევინა მას თავის ტერიტორიაზე ვაგონი. ვინაიდან მას ა. მ-იანმა არ დაადგმევინა ვაგონი, იძულებული გახდა ვაგონი დაედგა სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე 2 წლის განმავლობაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ნ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.