საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100116001662844
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №538აპ-18 ქ. თბილისი
ვ. რ. 538აპ-18 12 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მირანდა წერეთლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. ვ-ს ბრალი დაედო მოხელის მიერ პირდაპირ ქრთამის სახით ფულის მოთხოვნასა და პირდაპირ ფულის მიღებაში თავის სასარგებლოდ, რათა მან თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
რ. ვ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
რ. ვ. 2014 წლის 17 ოქტომბრიდან მუშაობდა ……. თანამდებობაზე და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ 2013 წლის 10 მაისის №25 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს’’ დებულების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებასთან ერთად, მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების შესაბამისად, რ. ვ. ვალდებული იყო, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები გაეცა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ან ხე-ტყის დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამავე დადგენილებით მას ევალებოდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე და სატრანსპორტო საშუალებაზე ხე-ტყის დატვირთვამდე პირველი ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშით. რ. ვ-მ , კანონით დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნების მიუხედავად, უპირატესობა მიანიჭა სოციალური ჭრის ფარგლებში გამოყენებულ ხე-ტყის დამზადების ბილეთის მქონე პირის _ ნ. ქ-ს მინდობილ პირს _ ლ. გ-ს, და მის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ მოახდინა მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და არ გასცა ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რის შემდეგაც რ. ვ-მ სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, 2016 წლის 28 ნოემბერს, ქ....... მიმდებარე ტერიტორიაზე, სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული პირველი ხარისხის 10 კუბური მეტრი სოჭის ჯიშის ხის მორის მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ლ. გ-სგან პირადად აიღო 1700 ლარი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით რ. ვ., - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რ. ვ-სთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით დაყადაღებულ რ. ვ-ს კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე მ......
ნივთიერი მტკიცებულებები: 17 ასლარიანი კუპიურა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს; სოჭის ჯიშის 6 ხის მორი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ შესაბამის ორგანოს, ხოლო DVD დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
გამართლებულ რ. ვ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა მირანდა წერეთელმა. აპელანტმა ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და რ. ვ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები რ. ვ-ს უდანაშაულობის თაობაზე და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა რ. ვ-ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი დასკვნისათვის, რომ რ. ვ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
რ. ვ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება მოწმე ლ. გ-ს ჩვენებას, რომლის თანახმად, ხე-ტყის დამზადების ბილეთით გამოყოფილი ხის მასალის მოპოვებასა და დამზადებაში დახმარების სანაცვლოდ რ. ვ-მ მას ქრთამის სახით გამოართვა 300 ლარი. გარდა ამისა, ბრალდების მხარე იშველიებს ასევე მოწმე ვ. ქ-ს ჩვენებას, ასევე - ლ. გ-ს და რ. ვ-ს შეხვედრის ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერს, რომელზეც აღბეჭდილია ლ. გ-ს მიერ რ. ვ-სთვის თანხის გადაცემის ფაქტი.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოწმე ლ. გ-ს ჩვენების ობიექტური და კრიტიკული ანალიზი, მისი შეჯერება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის - ლ. გ-ს და რ. ვ-ს შეხვედრის ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერთან, არ ქმნის საფუძველს რ. ვ-ს დამნაშავედ ცნობისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი ის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს.
მოცემულ შემთხვევაში პირის ბრალდების შესახებ დადგენილებიდან ირკვევა, რომ ბრალდების მხარე რ. ვ-ს ბრალს სდებდა ქრთამის სახით ფულის მოთხოვნასა და მიღებაში, ისე, რომ დადგენილებაში საერთოდ არ არის მითითებული, რაში გამოიხატა ქრთამის მოთხოვნა და რა მოქმედების შესრულების სანაცვლოდ მოითხოვა რ. ვ-მ ლ. გ-სგან ქრთამის გაღება. შესაბამისად, გაუგებარია აპელანტის პოზიცია იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ რ. ვ-ს ქმედებიდან უსაფუძვლოდ ამოურიცხა ქრთამის მოთხოვნის ფაქტი, მაშინ, როდესაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასეთი ფაქტი საერთოდ არ არის აღწერილი.
გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე განახორციელოს სამსახურებრვი მფარველობა.
ამდენად, ქრთამის საფუძველზე შესასრულებელი მოქმედებები შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის რედაქციიდან გამომდინარე, ქრთამის აღებით შეიძლება შესრულდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედება. პირველ შემთხვევაში მოხელე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც კანონიერ ხასიათს ატარებს და მის სამუშაო ფუნქციაში შედის. ამასთან, ქრთამი შეიძლება აღებულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისთვისაც. ასეთს განეკუთვნება მოხელის ყოველგვარი ქმედება, რაც კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ სრულდება. აქედან გამომდინარე, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით კვალიფიციისათვის უნდა დადგინდეს, რა ქმედება განახორციელა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში ბუნდოვანია რ. ვ-ს ლ. გ-ს სასარგებლოდ რა ქმედების განხორციელების სანაცვლოდ უნდა მიეღო მისგან ქრთამის სახით ფული. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ. ვ-მ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიანიჭა უპირატესობა ლ. გ-ს და მის სასარგებლოდ, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება ისე, რომ არ მოახდინა მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და არ გასცა ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რის შემდეგაც სოციალური ჭრის ბილეთით გათვალისწინებული ხის მორების მოპოვებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ლ. გ-სგან აიღო ქრთამი. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თითქოს, რ. ვ-მ უზრუნველყო მერქნული რესურსის მოპოვება და სატყეო კვარტლიდან მოჭრილი ხის რესურსის ტრანსპორტირება. რაც შეეხება იმას, რომ რ. ვ-მ არ მოახდინა მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირება და არ გასცა ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ლ. გ-ს ჰქონდა ხე-ტყის დამზადების ბილეთი, რომლის საფუძველზეც, როგორც ნ. ქ-ს მინდობილ პირს, უფლება ჰქონდა, რომ კანონიერად მოეპოვებინა 10 მ3 პირველი ხარისხის სოჭის ჯიშის ხე-ტყე. შესაბამისად, არადამაჯერებელია მას რ. ვ-სთვის ქრთამი მიეცა იმ მიზნით, რომ ხე-ტყის დამზადების ბილეთით გათვალისწინებული მერქნული რესურსის მოპოვება და ტრანსპორტირება მომხდარიყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მოჭრილი ხის მორების სპეციალური ფირნიშებით მარკირებამდე და ტრანსპორტირებისათვის სავალდებულო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და დაცვის მხარესაც არ გაუხდია სადავოდ ის ფაქტი, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს ლ. გ-მ რ. ვ-ს ნამდვილად გადასცა თანხა - 1700 ლარი, მაგრამ იმავე მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ეს თანხა რ. ვ-მ მიიღო ქრთამის სახით. მის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და მიღების თაობაზე მიუთითებს მხოლოდ მოწმე ლ. გ-ს ჩვენება, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან იგი არ დასტურდება თუნდაც ერთი, სხვა, პირდაპირი მტკიცებულებით. რაც შეეხება მოწმე ვ. ქ-ს ჩვენებას, რომელიც ასევე მიუთითებს რ. ვ-ს მიერ ლ. გ-სგან ქრთამის მოთხოვნაზე, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მან ლ. გ-ს და რ. ვ-ს შეხვედრისა და მათ შორის შემდგარი საუბრის თაობაზე იცის მხოლოდ ლ. გ-სგან გადმოცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მოწმე ვ. ქ-ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №..... გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ რ. ვ-ს ბრალეულობა დადასტურებულია მისი და ლ. გ-ს შეხვედრის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით, ვინაიდან აღნიშნულ ჩანაწერში არ ფიქსირდება, რომ ლ. გ-მ ქრთამის სახით გადასცა თანხა რ. ვ-ს. ამ მტკიცებულებით დადგენილია მხოლოდ ის გარემოება, რომ 2016 წლის 28 ნოემბერს რ. ვ. და ლ. გ. ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს და ამ დროს მან რ. ვ-ს გადასცა 1700 ლარი, თუმცა, როგორც ჩანაწერის შინაარსიდან ირკვევა, ეს თანხა წარმოადგენდა არა ქრთამს, არამედ - ხე-ტყის დამზადებისა და დახერხვის საფასურს, რომელიც რ. ვ-ს უნდა გადაეცა ხე-ტყის დამამზადებელ კ. ც-სთვის. იგივე დასტურდება მოწმე კ. ც-ს ჩვენებითაც, რომელმაც განმარტა, რომ ხე-ტყის დამზადებასა და დახერხვაში ლ. გ-ს მისთვის უნდა გადაეხადა 1400 ლარი, ხოლო ამის შემდეგ კიდევ უნდა მიეცა ფიცრის დახერხვის საფასური, ვინაიდან 6 - მეტრიანი ფიცრების 3 მეტრამდე დახერხვისა და მათი დატვირთვის ფასი ემატებოდა. მისივე განმარტებით, მან სთხოვა რ. ვ-ს, რომ ლ. გ-ს მიერ მიცემული მომსახურების საფასური მიეტანა მისთვის.
ხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რ. ვ-ს მიერ ქრთამის მოთხოვნა და მიღება, საქმეში წარმოდგენილი არ არის. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მტკიცება, რომ თითქოს, ლ. გ-ს მიერ რ. ვ-სთვის გადაცემული და ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა _ 1700 ლარი წარმოადგენს ქრთამს, არის მხოლოდ ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი რ. ვ-ს ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მირანდა წერეთელმა. კასატორი საჩივრით ითხოვს: გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას; რ. ვ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის განაჩენის მოტივაციას რ. ვ-ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა რ. ვ-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულების თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16, №560აპ-16).
10. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მირანდა წერეთლის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე