საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
2კ-639აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002448873

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№639აპ-18 ქ. თბილისი

ჯ. ნ, 639აპ-18 16 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენით ნ. ჯ, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: ნ. ჯ-ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქარველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 13 სექტემბრიდან.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ჯ-მ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

· ნ. ჯ-მ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა რ. ლ-ას კუთვნილ თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ნ. ჯ-მ მოატყუა რ. ლ-ა, რომ ჰქონდა ფირმა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეობდა სხვადასხვა ტენდერში; ამ ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად, მისთვის თანხის გადაცემის შემთხვევაში, რამდენიმე კვირაში დაუბრუნებდა სრულ თანხას მოგებასთან ერთად. ნ. ჯ-მ, ბიზნესში ჩართვის მოტყუებით, რ. ლ-ას სთხოვა, იპოთეკით დაეტვირთა კუთვნილი ბინა, მდებარე თ–ი, ს-ში, ხოლო იპოთეკის პროცენტებს გადაიხდიდა თვითონ. რ. ლ-ა დასთანხმდა ნ. ჯ-ს პირობას და 2010 წლის 10 აპრილს იპოთეკით 21000 აშშ დოლარად დატვირთა ზემოაღნიშნული ბინა, აღებული თანხა კი გადასცა ნ. ჯ-ს. რამდენიმე თვეში ნ. ჯ-მ კვლავ სთხოვა რ. ლ-ას ბინის ხელმეორედ დატვირთვა, რადგან თანხა ვითომდა მისი ბიზნესისთვის ისევ იყო საჭირო. რ. ლ-ამ 2010 წლის 16 ოქტომბერს კვლავ დატვირთა თავისი ბინა იპოთეკით 61380 ლარად, თანხა კი გადასცა ნ. ჯ-ს. ამის შემდეგ ნ. ჯ-მ გაწყვიტა ყოველგვარი კავშირი რ. ლ-ასთან. ნ. ჯ-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად რ. ლ-ას მიადგა 61380 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და სასჯელის ზომად ჯარიმის – 2000 ლარის განსაზღვრას იმ მოტივით, რომ აღიარა ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებები გახადა უდავოდ და გამოთქვამს მზადყოფნას, დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

6. ძველი თბილისის რაიონული პროკურორის მოადგილე გოჩა ქორაია შესაგებლით ითხოვს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად და მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. ჯ-ს ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობას. რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა, საშუალების არსებობის შემთხვევაში მზადყოფნა, აანაზაუროს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და ა.შ.) და მსჯავრდებულს განუსაზღვრა მისი ქმედების პროპორციული, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ჯ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

პ. ქათამაძე