დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-143-138-2011 14 მარტი, 2011 წელი,¹ ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. ი-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ს. ბ-კი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქ. ხ-ვა, დ. მ-შვილმა და გ. ი-შვილმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს «ს. ბ-კის” მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები სს ინტ.ბ-კის ¹3 ფილიალთან დადებული ინდივიდუალური სეიფების იჯარით აღების ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდნენ სს «ინტ.ბ-კის» ინდივიდუალური სეიფებით, რომელშიც ინახებოდა მათი კუთვნილი თანხა. მოსარჩელეების კუთვნილი თანხა 2004 წლის 13 აპრილს დანაშაულებრივი გზით გატაცებულ იქნა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ი-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, რაც საჩივრით გაასაჩივრა გ. ი-შვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სამოქალაქო საქმიდან, ქ. ხ-ვას, დ. მ-შვილისა და გ. ი-შვილის სარჩელზე მოპასუხე სს «ს. ბ-კის» მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ცალკე წარმოებად გამოიყო გ. ი-შვილის მოთხოვნა.
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებების გაუქმების მოთხოვნით გ. ი-შვილმა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით გ. ი-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, მიუთითა, რომ 2009 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ქ. ხ-ვამ, დ. მ-შვილმა და გ. ი-შვილმა, მოპასუხედ დაასახელეს სს «ს. ბ-კი” და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2009 წლის 22 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლო მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელე გ. ი-შვილი, მას სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია. ამასთან, მოსარჩელეს ეცნობა სხდომის დრო და ადგილი ს. სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად. სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა დ. რამიშვილმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. პალატამ იხელმძღვანელა ს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე მუხლებითა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სპეციალისტ ზურაბ გრიგოლაშვილის ჩვენებასა და ექიმ ტარიელ ბეჟუაშვილის მიერ 2009 წლის 23 ოქტომბერს გაცემულ ცნობაზე დაყრდნობით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მას სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეეძლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამასთან, მიუთითა, რომ საპროცესო ნორმის თანახმად, ავადმყოფობა უნდა დადსტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, ასეთი სახის ცნობა კი, აპელანტს არ წარმოუდგენია საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე. მოწინააღმდეგე მხარის - სს «ს. ბ-კის” წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული 2010 წლის 8 დეკემბრის წერილით დადგენილად ცნო, რომ ექიმ ტ.ბეჟუაშვილის მიერ პაციენტ გ.ი-შვილის სახელზე გაცემული ჯანმრთელობის ცნობა არ წარმოადგენს საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს ¹338/ნ «ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შევსების წესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმის დამტკიცების შესახებ” ბრძანების დანართი ¹2-ით დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (ფორმა ¹IV-100ა). აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება გ. ი-შვილის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და აღნიშნა, რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოტივი შესაძლოა გახდეს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების გაცემული ისეთი დოკუმენტი, რომელშიც არაორაზროვნად და გარკვევით იქნება მითითებული ავადმყოფის სხდომაზე გამოუცხადებლობის და სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობის შესახებ, ვინაიდან მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნეს საპატიოდ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, კერძოდ, პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე, 233-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, მაგრამ არასწორად განმარტა ისინი. პალატამ უგულებელყო ექსპერტის ჩვენება მოსარჩელის მიმართ დასმულ დიაგნოზთან დაკავშირებით და არ მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ავადმყოფობის ცნობა საკმარის მტკიცებულებად. სასამართლოში წარდგენილი ცნობა ავადმყოფობის შესახებ სინამდვილეს ასახავს, რომლის მიხედვითაც 2009 წლის 21 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით კასატორი ავად იყო, რის გამოც სასამართლოში გამოცხადება ვერ შესძლო. საქმეში წარდგენილ ცნობებიდან და ამონაწერიდან ავადმყოფობის ისტორიიდან დგინდება, რომ იგი ბავშვობიდან დაავადებულია სისხლის შეუდედებლობით. აღნიშნულის გამო კი, სასუნთქი კატარის თუ სხვა ვირუსული დაავადების დროს, მისი ხანგრძლივი მგზავრობა დაუშვებელია, ვინაიდან სისხლდენის დროს, სხვა ჯანმრთელი სისხლის გადასხმის გარეშე, შეიძლება სისხლისგან დაიცალოს. ამდენად, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა სადავო არ შეიძლება გამხდარიყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ. ი-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებსა და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ი-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.