საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 31.05.2019
საქმის ნომერი
2კ-749აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№749აპ-18 ქ. თბილისი

ნ-ე ბ-ი, 749აპ-18 31 მაისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით ბ. ნ-ე, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ–ის 108–ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 17 წლით;

სსკ–ის 236–ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

სსკ–ის 236–ე მუხლის მესამე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

სსკ–ის 273–ე მუხლით - ჯარიმა 1000 ლარი;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი ჯარიმა – 1000 ლარი, ხოლო სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატა 1 წელი და 6 თვე და ასევე, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - 6 თვე. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ბ. ნ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 19 წლით.

მსჯავრდებულ ბ. ნ-ეს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 2 სექტემბრიდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ბ. ნ-ეს მსჯავრი დაედო: განზრახ მკვლელობაში; განზრახ მკვლელობის მცდელობაში ორი პირის მიმართ; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში; ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებაში, ჩადენილი ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ.

ბ. ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

ბ. ნ-ეს წლების წინ ს. ჯ-ესთან კონფლიქტი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა, რის გამოც თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა და შურისძიებისთვის ხელსაყრელ ვითარებას ეძებდა. 2016 წლის 2 სექტემბერს ბ. ნ-ე მეგობრებთან - გ. ყ-თან, ო. გ-თან, თ. შ-სა და ს. მ-თან ერთად ქ. თ-ში, ა-ის ქუჩაზე მდებარე კაფე „ს-თან“ იმყოფებოდა. ამ დროს შენიშნა „რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილით (სახ. ნომ. ---) მიმავალი ს. ჯ-ე. დანახვისთანავე გადაწყვიტა, გასწორებოდა მას და მეგობრებთან ერთად „ბმვ-ს“ მარკის ავტომობილით, რომელსაც თ. შ-ი მართავდა, ს. ჯ-ეს გამოედევნა. დაახლოებით 14 საათსა და 50 წუთზე თ-ისა და ფ-ის ქუჩების კვეთაზე, შუქნიშანთან წარმოქმნილი საცობის გამო, ს. ჯ-ემ ავტომობილით მოძრაობა შეანელა. ამ გარემოებით ისარგებლა ბ. ნ-ემ, „ბმვ-ს“ მარკის ავტომობილიდან გადავიდა, მოიმარჯვა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,ჩზ–85–ის“ (NF0277) მარკის პისტოლეტი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, მიუახლოვდა ,,რენჯ როვერის“ მარკის ავტომობილს და პირადი მოტივით, შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, პირდაპირი დამიზნებით ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლით საჭესთან მჯდომი ს. ჯ-ე მოკლა. მანვე ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით ავტომობილის წინა, მარჯვენა სავარძელზე მჯდომ ს. ჯ-ის მეგობარს - ზ. ჩ-ს, განზრახ მოკვლის მიზნით მიაყენა სისცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ბ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით. მან სასჯელი მოიხადა კალენდარულად და 2015 წლის 8 აპრილს გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით ნასამართლევი ბ. ნ-ე 2016 წლის 3 სექტემბერს თ-ში კვლავ გამოავლინეს ნარკოტიკული საშუალებების - „ბუპრენორფინის“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლისა“ და „მეთადონის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტზე.

4. კასატორი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ბ. ნ-ე გამართლდეს საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების ამ ნაწილში მისი ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ–ის 124–ე მუხლით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, ხოლო საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ მოთხოვნის საფუძვლად კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბ. ნ-ის განზრახვა არ მოიცავდა ზ. ჩ-ის მკვლელობის მცდელობას. თავად ზ. ჩ-ის ჩვენებით დგინდება, რომ მასა და ბ. ნ-ეს შორის არასოდეს ყოფილა რაიმე სახის კონფლიქტი, შესაბამისად, მსჯავრდებულს მისი მოკვლის მოტივი არ ჰქონდა. ბ. ნ-ე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა ს. ჯ-ის მიმართულებით და შემთხვევით მოხდა ზ. ჩ-ის ჯანმრთელობის დაზიანება. რაც შეეხება საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან ბ. ნ-ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, მას უნდა განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციისთვის არ არის სავალდებულო, პირს ჰქონდეს დაზარალებულის მოკვლის სურვილი, საკმარისია, რომ მას გაცნობირებული ჰქონდეს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (პირდაპირი განზრახვა) ან შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას (არაპირდაპირი განზრახვა). ამდენად, კასატორის მოსაზრება, რომ დაზარალებულ ჩ-თან წარსულში კონფლიქტის არარსებობა გამორიცხავს მისი მოკვლის სურვილსა და, შესაბამისად, მკვლელობის განზრახვას, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ბ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე