საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 03.06.2019
საქმის ნომერი
2კ-752აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002268772

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№752აპ-18 ქ. თბილისი

ხ. რ. 752აპ-18 3 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით:

რ. ხ. - დაბადებული …. - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და რ. ხ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 დეკემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რ. ხ-ს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგელობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

რ. ხ-მ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ექვსად დაფასოებული, 0,1596 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი.“

2017 წლის 6 ნოემბერს თ-ში, სოფელ ფ-აში, ც. დ-ს .. ჩიხის №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ხ-მ პოლიეთილენის სამ ნაჭერში დაფასოებული 0,0582 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება (მოყავისფრო ნივთიერება) 300 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ. ნ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

2017 წლის 4 დეკემბერს თ-სში, სოფელ ფ-ში, ც. დ-ს ... ჩიხის №..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ხ-მ ლურჯ პოლიეთილენის ნაჭრებში 3 ცალად დაფასოებული 0,1014 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება (მოყავისფრო ნივთიერება) 300 ლარად უკანონოდ გაასაღა თავის ნაცნობ მ. ნ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

6. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული უთითებს, რომ მისი ადვოკატები დაჰპირდნენ, რომ თუ სააპელაციო სასამართლოში დანაშაულს აღიარებდა (რომელიც რეალურად არ ჩაუდენია), სასჯელს 2 წლით შეუმცირებდნენ. სასამართლომ კი სასჯელი უცვლელად დაუტოვა. კასატორის მითითებით, იგი „მარიხუანის“ მომხმარებელია. მსჯავრდებული ადვოკატებზე აცხადებს უარს და ითხოვს სხვა ადვოკატის დანიშვნას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. დაცვის მხარე არ მიუთითებს ისეთი სახის გარემოებებზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლის ან გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. მოწმეების - მ. ნ-ს და რ. კ-ს ჩვენებებით, ფულადი თანხის გადაცემისა და ამოღების ოქმებით, ფარული ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. ხ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ხ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე