საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002293938
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№756აპ-18 ქ. თბილისი
ხ. ნ. 756აპ-18 3 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ. ხ-ს ბრალი დაედო ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით.
ნ. ხ-ს ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 2000 საათზე, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ნ. ხ. , რომელსაც სახე ნაწილობრივ დაფარული ჰქონდა საწვიმარი ლაბადის კაპიუშონით, ყაჩაღურად თავს დაესხა ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ მ-ში, ცენტრალური საავტომობილო გზის პირას მდებარე სასურსათო მაღაზიას. ამ დროს მან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მაღაზიის მფლობელს ჯ. თ. - ტ-ს მოსთხოვა ნავაჭრი თანხის მისთვის გადაცემა. თანხის მიცემაზე უარის მიღების შემდეგ თოფი მიმართა ჯ. თ. -ტ-საკენ და კვლავ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა. შეშინებულმა ჯ. თ. -ტ-მ დაიწყო კივილი, რის შემდეგაც, ვინაიდან ხმაურზე მოქალაქეების შეკრების საფრთხე გაჩნდა, ნ. ხ-m დატოვა მაღაზია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენით ნ. ხ-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ. ხ. - დაბადებული 1… წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნული და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით შეცვლილი ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა - 600 (ექვსასი) ლარი და საბოლოოდ ნ. ხ-ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ნ. ხ- ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 27 დეკემბრიდან.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძემ. პროკურორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას შემდეგი მიმართებით: ნ. ხ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებასა და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ვინაიდან დადგენილია, რომ მას ჯ. ტ-ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიაზე თავდასხმის სურვილი წარმოეშვა არა მაღაზიაში, არამედ - თავის საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, რაც უდავოდ ადასტურებს მაღაზიაში უკანონო შეღწევის ფაქტს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უსაფუძვლოა პროკურორის პოზიცია ნ. ხ-სთვის ყაჩაღობის მაკვალიფიცირებელ გარემოებად სადგომში უკანონო შეღწევის შერაცხვის შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს სასურსათო მაღაზია ღია იყო და სამუშაო საათები არ იყო დამთავრებული; შესაბამისად, ნ. ხ-ს არ მიუმართავს არანაირი უკანონო ხერხისთვის მაღაზიაში შესასვლელად და არც ჰქონდა ამის საჭიროება, ვინაიდან მას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, იქ შესვლის სრულიად კანონიერი უფლება ჰქონდა (იხ. სუსგ №.. , №.... ).
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის - მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე