საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002277845
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№775აპ-18 ქ. თბილისი
კ. ა. 775აპ-18 6 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა. კ-მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ა. კ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ა. კ-მ 2017 წლის ივლისიდან 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, დედამისს - რ. კ-ს არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ანალოგიური ქმედებები ა. კ-მ რ. კ-ს მიმართ ჩაიდინა ასევე - 2017 წლის 8 ოქტომბერს, 21 ოქტომბერსა და 22 ოქტომბერს, ქ. თ-ში, მ-ს გ., კორპ. №..-ში მდებარე ბინა №..-ში, რამაც დაზარალებულ რ. კ-ს ტანჯვა გამოიწვია.
· 2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ. თ-ში, მ-ს გამზირის, კორპ. №4…-ში მდებარე, ბინა №..-ში, ა. კ-მ დედამისს - რ. კ-ს ხელი დაარტყა და კედელზე მიანარცხა.
2017 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 11:25 საათზე, ქ. თ-ში, მ-ს გამზირის, კორპ. №…-ში მდებარე, ბინა №…-ში, ა. კ-მ დედამისს - რ. კ-ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულზე.
2017 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ-ში, მ-ს გამზირის, კორპ. №..-ში მდებარე, ბინა №…-ში, ა. კ-მ დედამისს - რ. კ-ს მუშტი დაარტყა სახეში და ხელი ჰკრა, რის შედეგადაც რ. კ. დაეჯახა კედელს. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულ რ. კ-ს ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენით ა. კ. , - დაბადებული 1… წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
ა. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 დეკემბრიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა. პროკურორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას გამამართლებელ ნაწილში და ა. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდებას ბრალდების მითითებულ ნაწილშიც წარმოდგენილი აქვს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყურად დასტურდება ა. კ-ს ბრალეულობა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს განაჩენი პროკურორის საჩივრის არდაკმაყოფილების თაობაზე, კანონიერია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე