საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 210100117002127359
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№776აპ-18 ქ. თბილისი
ვ. შ. 776აპ-18 7 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:
შ. ვ. , - დაბადებული 1.. - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით;
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ შ. ვ- ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შ. ვ- ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 31 აგვისტოდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ვ-მ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას: შ. ვ-ს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მსჯავრდების ნაწილში - სასჯელის შემსუბუქებას.
6. კასატორის მითითებით, სასამართლო განხილვისას შ. ვ-მ ჩვენებით დაადასტურა, რომ თ. ვ- ს დაემუქრა. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: თ. ვ- ს, მ. ვ-ს, ე. ვ-ს, ი. ვ-ს ჩვენებებით არ დგინდება, რომ შ. ვ-ს სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზანი ამოძრავებდა. დაყაჩაღების დღეს მსჯავრდებული მიდიოდა მაღაზიაში. ე. ვ-ს დედამთილმა - ნ-მ მას წყევლა დაუწყო. ამის შემდეგ მივიდნენ ბიჭები და დაიწყო ჩხუბი. მისი განმარტებით, მას არ უცდია დაყაჩაღება და არავისთვის მოუთხოვია ფული. მას სამივე მათგანი ურტყამდა და დანა ამიტომ მოიქნია.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარის პრეტენზიებს, რომლებიც ყაჩაღობის ბრალდების უსაფუძვლობას უკავშირდებოდა, არგუმენტირებული პასუხები გასცა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის - მოწმეების ე. ხ- ს, გ. ა-ს, გ. ხ-ს და ა. ხ-ს ჩვენებებით) უტყუარად დგინდება შ. ვ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
10. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა, ასევე - დანაშაულთა (ყაჩაღობა და მუქარა) ჩადენის სახის, ხერხის, მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და მოვალეობათა დარღვევის ზომის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ. ვ-სათვის დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ვ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე