საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 06.06.2019
საქმის ნომერი
2კ-778აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002413216

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№778აპ-18 ქ. თბილისი

გ. გ. 778აპ-18 6 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენით გ. ა გ., - დაბადებული 1…. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.

გ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივითვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ერთი ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი).

გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 19 თებერვალს თ-ში, სოფელ ფ-ში, გ. გ-მ 1,9052 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 1000 ლარად, უკანონოდ გაასაღა ნ. ბ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- 2018 წლის 24 თებერვალს თ- ში, სოფელ ფ-ში, გ. გ-მ 1,715 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 1000 ლარად, უკანონოდ გაასაღა ნ. ბ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- 2018 წლის 3 მარტს თ-ში, სოფელ ფ-ში, გ. გ-მ 1,7007 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 1100 ლარად, უკანონოდ გაასაღა ნ. ბ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- 2018 წლის 12 მარტს თ-ში, სოფელ ფ-ში, გ. გ-მ 1,48 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 1500 ლარად, უკანონოდ გაასაღა ნ. ბ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

- გ. გ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა 7,7796 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, საიდანაც 34 წონაკად დაფასოებული 0,9787 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება შეინახა იმ ჟაკეტის ჯიბეში, რომელიც ეცვა და რაც 2018 წლის 19 მარტს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თ-ში, სოფელ ფ-ში, თ-ს ქუჩა №..-ში ჩატარებული გ. გ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 მაისის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება (სასჯელის ნაწილში), კერძოდ:

გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 3 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 12 მარტის ეპიზოდი) - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 19 მარტის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე 2018 წლის 19 თებერვლის ეპიზოდისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.

გ. გ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივითვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულისათვის მინიმალური სასჯელის შეფარდებასა და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებას შემდეგი საფუძვლებით: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; უდავოდ ცნო მტკიცებულებები; არ გააჩნია პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები; არის მარტოხელა დედა, რომელსაც კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი შვილები და მოხუცი დედა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 39–ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ გ. გ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელი, რაც, პალატის მოსაზრებით, სამართლიანია და არ არსებობს მისი კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე