საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 05.06.2019
საქმის ნომერი
2კ-790აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002037400

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №790აპ-18 ქ. თბილისი

ი. რ. 790აპ-18 5 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ს და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 მარტის განაჩენით რ. ი., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220 საათით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, კერძოდ: სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათით. დანაშაულთა ერთობლიობით რ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 100 საათით.

რ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ივნისიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ი-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ,,...´ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა, რომელიც 2017 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, შურისძიების მოტივით ააფეთქა ე. ს-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში (მდებარე ქ. მ-ში, რ-ს ქუჩა, ჩიხი N.., სახლი N..), რადგან ე. ს-ს ცოლად ჰყავს მისი ყოფილი მეუღლე - ხ. ს.

2017 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, ქ.მ-ში, ე. ს-ს საცხოვრებელი სახლის (მდებარე რ-ს ქუჩაზე, ჩიხი N.., სახლი N..) მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, რ. ი. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ასაფეთქებელ მოწყობილობას - ,,..’’ ტიპის ხელის მსხვრევად ყუმბარას, რომელიც შურისძიების მოტივით ააფეთქა ე. ს-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, ვინაიდან ე. ს-ს ცოლად ჰყავს მისი ყოფილი მეუღლე - ხ. ს.

2017 წლის 23 ივნისს, ღამის საათებში, იმავე მისამართზე, ე. ს-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რომელსაც ცოლად ჰყავს რ. ი-ს ყოფილი მეუღლე - ხ. ს. , რ. ი-მ მათზე შურისძიების მოტივით, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით, ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა - ,,..’’ ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლის ეზოში მდგარი ,,შევროლეტ-კრუზეს’’ მოდელის ავტომანქანა, სახ.#.., ხელის ურიკა, მაგიდა და ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლის წინა ფასადზე არსებული ფანჯრების მინები, რის შედეგადაც ე. ს. და ხ. ს-ს მიადგათ 1500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით რ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. მიუხედავად იმისა, რომ რ. ი. ნასამართლევი იყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვისა და მოყვანისათვის, მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში კვლავ უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 23 ივნისს ქალაქ მ-ში, ნა-ს ქუჩა N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ნედლ მარიხუანას“, წონით - 91.17 გრამს. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოავლინეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რ. ი-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: რ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა 220 საათით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები. ამასთან, ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით სსკ-ის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სასჯელიდან - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ი-ს მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 23 ივნისიდან.

4. მსჯავრდებულ რ. ი-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ც. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. ი-ს დამნაშავედ ცნობას მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მისთვის სამართლიანი სასჯელის შეფარდებას.

პროკურორი ზაზა ცქვიტარია საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: სასჯელის გამკაცრებას.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით (მოწმეების - ხ. ს. და ე. ს-ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ფეთქებადსაშიში საგნების, საინჟინრო და სახანძრო ექსპერტიზის დასკვნითა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ რ. ი-მ ჩაიდინა ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება და ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქება, ჩადენილი მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის გამოწვევის მიზნით.

8. სამართლიანია რ. ი-ს განსაზღვრული სასჯელი, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნები.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ი-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ც-ს და მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე