საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 07.06.2019
საქმის ნომერი
2კ-805აპ.-18
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
07.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001956948

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№805აპ-18 ქ. თბილისი

ა. გ. 805აპ-18 7 ივნისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს და მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 30 იანვრის განაჩენით გ. ა., - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

გ. ა-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 მაისიდან.

ამავე განაჩენით:

ი. კ. , - დაბადებული 1... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის განსაზღვრულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

ი. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 მაისიდან.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (4 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

გ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 მაისიდან.

ვ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით.

ვ. კ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 5 მაისიდან.

ტ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 იანვარის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ა-მ და ი. კ-მ ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

2015 წლის შემოდგომაზე გ. ა-ს დაუკავშირდნენ თავისი ნაცნობები: ვ. კ. და გ. მ., რომლებმაც დაითანხმეს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ქ. თ-ში, ხეხილსანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე მოტყუებით დაუფლებოდნენ მიწის ნაკვეთებს. აღნიშნული მიზნით შეირჩა გ. მ-ს მიერ ხეხილსანერგე მეურნეობაში მოძიებული ორი, სივრცობრივად ერთმანეთისგან დაშორებული 750-750 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელთაგან ერთი ზედდებაში იყო მოქალაქე ვ. ს-ს მიერ 2007 წელს ზ. გ-სგან შეძენილ, 700 კვ.მ დაუზუსტებელი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით 8...... , ხოლო მეორე - ა. ა-ს მიერ თვითნებურად დაკავებულ, სახელმწიფოს კუთვნილ 740 კვ.მ მიწის ნაკვეთთან, საკადასტრო კოდით 8...... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემდგომი წარდგენისა და ხეხილსანერგე მეურნეობაში მოძიებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით, გ. ა-ს სახელზე დამზადდა 1994 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტი, რომლის თანახმად, მას, ხეხილსანერგე მეურნეობაში მცხოვრებს, მიწის რეფორმის ფარგლებში 1994 წლის მდგომარეობით გამოყოფილი ჰქონდა ორ ნაკვეთად 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2015 წლის დეკემბერში გ. ა-ს თანამზრახველმა გ. მ-მ საამზომველო კომპანია, შპს „ბ-ს“ ამზომველ ზ. გ-ს დაამზადებინა მოძიებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზები, რომლებიც 1994 წლის 15 ნოემბრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N... აქტთან ერთად, 2015 წლის 15 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გ. ა-მ და მოითხოვა მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება. განცხადება იმავე დღეს დაკმაყოფილდა და გ. ა-ს საკუთრებაში დარეგისტრირდა: ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილი 76 343 ლარად ღირებული 740 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 8....; ვ. ს-ს კუთვნილი: 72 215 ლარად ღირებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მის მიმდებარედ სახელმწიფოს კუთვნილი 5158 ლარად ღირებული 50 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 8..... ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების შემდეგ, დანაშაულის კვალის დაფარვისა და თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთებიდან სარგებლის მისაღებად, მიწის ნაკვეთებზე განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია. დარეგისტრირებიდან ათ დღეში ვ. კ-მ და გ. მ-მ შუამავლების მეშვეობით მოიძიეს მყიდველები და მითითებული მიწის ნაკვეთები გაასხვისეს სხვადასხვა პირზე.

2015 წლის შემოდგომაზე ი. კ-ს და მის ბებიას ტ. ბ-ს დაუკავშირდნენ ნაცნობები: ვ. კ. და გ. მ. , რომლებიც შეუთანხმდნენ სხვისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაზე. ამ მიზნით წინასწარ შეთანხმებულმა ჯგუფის წევრებმა შეარჩიეს ხეხილსანერგე მეურნეობაში გ. მ-ს მიერ მოძიებული, ჯ. ბ-ს საკუთრებაში დაუზუსტებელი ფართობით რეგისტრირებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 8..... საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შემდგომი წარდგენისა და ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე მოძიებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით, ტ. ბ-ს სახელზე დამზადდა 1994 წლის 15 იანვრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N.. აქტი, რომლის თანახმად, ხეხილსანერგე მეურნეობაში მცხოვრებ ტ. ბ-ს მიწის რეფორმის ფარგლებში 1994 წლის მდგომარეობით გამოყოფილი ჰქონდა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2015 წლის ნოემბერში გ. მ-მ და ი. კ-მ საამზომველო კომპანია, შპს „ბ-ს“ ამზომველ ზ. გ-ს დაამზადებინეს მოძიებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი, რომელიც, 1994 წლის 15 იანვრით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N.. აქტთან ერთად, 2015 წლის 17 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ტ. ბ-მ და მოითხოვა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირება. განცხადება 19 ნოემბერს დაკმაყოფილდა და ტ. ბ-ს საკუთრებაში დარეგისტრირდა ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე, ჯ. ბ-ს საკუთრებად დაუზუსტებელი ფართობით რეგისტრირებული, 147 705 ლარად ღირებული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 8.... ი. კ-ს და მისი თანამზრახველების მიერ ყალბი დოკუმენტების გამოყენების გზით, აღნიშნული მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების შემდეგ, დანაშაულის კვალის დაფარვისა და თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთიდან სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით მისაკუთრებული მიწის ნაკვეთზე განხორციელდა რამდენიმე ტრანზაქცია. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 8..., დარეგისტრირებიდან მეორე დღესვე, 2015 წლის 20 ნოემბერს, ი. კ-ს და გ. მ-ს დაკვეთით ამზომველ ზ. გ-ს მიერ შესრულებული დაყოფის ნახაზის საფუძველზე, ტ. ბ-ს განცხადებითა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი გადაწყვეტილებით, დაიყო ორ თანაბარ 750-750 კვ.მ მიწის ნაკვეთებად, საკადასტრო კოდებით 8..... და 8....., რის შემდეგაც გ. მ-მ და ვ. კ-მ შუამავლების მეშვეობით მოიძიეს იპოთეკარები და მყიდველები, ორი თვის ვადაში კი მიწის ნაკვეთები სრულად გასხვისდა სხვადასხვა პირზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-მ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; დაასახელა დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეები; ითანამშრომლა გამოძიებასთან; სასამართლომ არ გაითვალისწინა ი. კ-ს პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, იგი არ არის ნასამართლევი; ჰყავს პენსიონერი ბებია, რომლის ერთადერთი მარჩენალია; ხასიათდება დადებითად, მის სახელზე გაცემულია არაერთი ჯილდო და სერტიფიკატი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. შ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და წარდგენილ ბრალდებაში გ. ა-ს გამართლებას, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება მისი ბრალეულობა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: ზ. გ-ს, გ. ი-ს, მ. თ-ს, ა. ა-ს, ზ. წ-ს, ვ. ს-ს, ვ. პ-ს, ნ. ბ-ს, ნ. ა-ს, ე. თ-სა და ნ. კ-ს ჩვენებები, საჯარო რეესტრის ამონაწერები, სანოტარო აქტი - მინდობილობა, გ. ა-ს განცხადება, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულება ნასყიდობის შესახებ გამოსყიდვის უფლებით, დათვალიერების ოქმები, სასაქონლო ექსპერტიზისა და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ. ა-ს ბრალეულობას.

9. საკასაციო პალატის აზრით, სასამართლომ მსჯავრდებულ გ. ა-ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა და 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს.

10. რაც შეეხება ი. კ-ს შეფარდებულ სასჯელს, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლის საფუძველი. გარდა ამისა, მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო 6 წლით თავისუფლების აღკვეთა - 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია და მისი კიდევ უფრო შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ი. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. შ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე