საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002423484
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№828აპ-18 ქ. თბილისი
ქ. ნ. 828აპ-18 25 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ქ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ნ. ქ. – დაბადებული 1.... – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით – 15 წლით, 236-ე მუხლის (2017 წლის 29 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) მე-2 ნაწილით – 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, ხოლო მე-4 ნაწილით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 9 იანვრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ქ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის ტარება და გასაღება, ასევე – განზრახ მკვლელობა.
4. ნ. ქ-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ქ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა №... „ტოზ–63“ მოდელის 16-კალიბრიანი, ორლულიანი, გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელსაც თვითნაკეთი წესით გადაჭრილი აქვს ლულები და კონდახი, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან. მანვე შეიძინა ამავე იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა. აღნიშნულ იარაღს ნ. ქ. მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე თ-ში, დ. ხ-ს ქ. №..-ში.
· 2017 წლის 29 დეკემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, დ. ხ-ს ქ. №....-ში მდებარე ნ. ქ-ს დროებით საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ დ. ტ. და ნ. ქ-ს მეგობრები: რ. ხ. , ნ. ზ., გ. ბ., გ. დ., დ. გ. და დ. ჩ. ნ. ქ-მა, რ. ხ-მ და დ. ტ-მ სუფრასთან დაიწყეს ალკოჰოლური სასმლის მიღება. სუფრის მსვლელობისას დ. ტ. და ნ. ქ. შეკამათდნენ და მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. მომხდარის გამო ნ. ქ. განიმსჭვალა დ. ტ-ს მიმართ შურისძიების გრძნობით, ოთახიდან აიღო დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული „ტოზ-63“ მოდელის, 16-კალიბრიანი, ორლულიანი, თვითნაკეთი წესით გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და განზრახ მოკვლის მიზნით, დამიზნებით ერთხელ ესროლა დ. ტ-ს. დაჭრილი დ. ტ. შეეცადა კარიდან გასვლას და ამ დროს მას ნ. ქ-მ მეორედაც ესროლა. მძიმედ დაჭრილი დ. ტ. ძირს დაეცა, რის შემდეგაც ნ. ქ-მ აიღო დანა და რამდენჯერმე დაარტყა ყელსა და ტანზე. მიღებული დაზიანებების შედეგად დ. ტ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნ. ქ-მ დ. ტ-ს გვამი მიიტანა მდინარე მტკვართან და ხევში გადააგდო.
· დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნ. ქ. და დ. ტ-ს მკვლელობის თვითმხილველები, ნ. ქ-ს მეგობრები: რ. ხ., ნ. ზ., გ. ბ., გ. დ., დ. გ. და დ. ჩ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
· იმავე საღამოს ნ. ქ. შეხვდა მეგობრებს – გ. ი-ს, ი. შ-ს და ზ. ლ-ს, რომლებსაც უამბო ჩადენილი მკვლელობის შესახებ, მათთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, ხევში, სადაც გადაგდებული ჰქონდა დ. ტ-ს გვამი, ჩავიდა გ. ი-სთან ერთად, მისი დახმარებით გვამი მიიტანა მტკვრის ნაპირთან და გადამალვის მიზნით ცხედარი გადააგდო მდინარეში.
· მომხდარის შემდეგ ნ. ქ. გ. ი-ს და ზ. ლ-სთან ერთად მივიდა გ. ი-ს მეუღლის – მ. გ-ს სახლში, მდებარე თ-ში, ა-ს შესახვევის №.. -ში და იქ მყოფ მ. გ-ს და თავის მეგობარ გოგონას – ნ. მ-ს მოუყვა თავის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ, რაც იქ მყოფ პირებს ასევე დაუდასტურეს გ. ი-მ და ზ. ლ-მ. 2017 წლის 30 დეკემბერს ნ. ქ-მ დატოვა მ. გ-ს სახლი.
· 2018 წლის იანვრის დასაწყისში ნ. ქ-მ , რომელიც თ-ში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა „ტოზ-63“ მოდელის 16-კალიბრიან, გადაჭრილ №... სანადირო თოფს – დ. ტ-ს მკვლელობის იარაღს, იგი ჩანთით, შეთანხმებისამებრ, შესანახად მიუტანა გ. ი-ს თ-ში, ა-ს შესახვევის №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რითაც ცეცხლსასროლი იარაღი გაასაღა. ვინაიდან გ. ი-ს მეუღლემ შეიტყო ნ. ქ-ს მიერ მის სახლში იარაღის შესანახად მიტანის შესახებ, გ. ი-მ და ნ. ქ-მ ის შეინახეს საცხოვრებელი სახლის სარდაფში, საიდანაც ამოიღეს 2018 წლის 9 იანვარს ჩატარებული ჩხრეკის დროს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ნ. ქ-ს გამართლებას იმ მოტივით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და სასამართლო დაეყრდნო იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთაც ჰქონდათ ნ. ქ-ს მიმართ „პირადი ინტერესი“.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით (მოწმეების: რ. ხ-ს, გ. ბ-ს, გ. დ-ს, დ. გ-ს, ნ. ზ-ს, დ. ჩ-ს, ზ. ლ-ს, გ. ი-ს, მ. გ-ს, ი. შ-ს, რ. ი-ს და სხვათა ჩვენებებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, თ. ი-ს მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო- და აუდიოჩანაწერებით, სასამართლო ბიოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 23 იანვრის №.... და 2018 წლის 21 მარტის №... დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის 2018 წლის 10 იანვრის №....., ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 16 თებერვლის №.... დასკვნებით, მ. გ-ს საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის 2018 წლის 9 იანვრის ჩხრეკის ოქმით და სხვ.) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სრულად დადასტურდა ნ. ქ- ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
9. რაც შეეხება კასატორთა მითითებას იმის შესახებ, რომ მოწმეები დაინტერესებულები იყვნენ ნ. ქ-ს დასჯით და ამიტომ მისცეს სასამართლოს არასწორი ჩვენებები, ეს გარემოება არ დასტურდება საქმის მასალების შესწავლის შედეგად.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ნ. ქ-ს უდანაშაულოდ ცნობისა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.
11. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ქ-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე