დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700065861
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №99აგ-18 ქ. თბილისი
გ–ი ზ, 99აგ-18 15 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით ზ. გ–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარებისთვის და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი.
2. 2018 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ზ. გ–მა, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილების გადასინჯვა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ზ. გ–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილების გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი – ზ. გ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო (ნარკოტიკული საშუალება - ,,მარიხუანასთან“ დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილების გადასინჯვას, ადმინისტრაციული სახდელის სახით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებასა და მისი ძმის ქონებაზე დადებული ყადაღის მოხსნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ზ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით ზ. გ–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარებისთვის და დაეკისრა ჯარიმა - 500 ლარი. ვინაიდან განაჩენი გადაისინჯება საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო ზ. გ–ი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისთვის მსჯავრდებული არ ყოფილა და, შესაბამისად, მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არ არსებობს, სასამართლო სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას, გადასინჯოს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება.
3. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ზ. გ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 სექტემბრის განჩინება ზ. გ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე