საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100117002162678
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №825აპ-18 ქ. თბილისი
წ-ა რ 825აპ-18 24 ივნისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. წ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენით რ. წ-ა, - დაბადებული ....., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 5 ოქტომბერს რ. წ-მ, კარის გაღების გზით, უკანონოდ შეაღწია ბ-ს რაიონის სოფელ ვ-ი მდებარე ე. მ-ს სახლში, საიდანაც ცდილობდა, ფარულად დაუფლებოდა ე. ვ-ს კუთვნილ, 200 ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ფ. მ-ს 10 ლარად ღირებულ კედებს, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რ. წ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (1-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში შეცდომითაა მითითებული „ბ“ ქვეპუნქტი) წარდგენილ ბრალდებაში.
რ. წ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
5. მსჯავრდებული რ. წ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და რ. წ-ს გამართლებას. რ. წ-ა ე-ნ თავის კუთვნილ თანხას ითხოვდა. აღნიშნულის გამო ელშათმა იგი მეორე სართულზე აიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას გაურკვეველი წარმომავლობის ბეჭედი ჩაუდეს და პოლიცია გამოიძახეს (თითქოს, ქურდი იპოვეს).
6. ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი ძიძიგური საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ. წ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით და მკაცრი სასჯელის შეფარდებას. ოქრო ძვირფასი ლითონია და მისი ცვეთა დროთა განმავლობაში ისე არ ხდება, რომ ფასი შეუმცირდეს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბეჭდის ღირებულება იყო 200 ლარი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მოწმეების - ე. ვ-ს, ფ. მ-ა და ე. მ-ს ჩვენებებით, N.... ექსპერტიზის დასკვნითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ. წ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. დაცვის მხარის მითითება, რომ შემთხვევის ადგილზე რ. წ-ს ბეჭედი ჩაუდეს, არ შეესაბამება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
10. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მნიშვნელოვანი ზიანი) რ. წ-ს გამართლებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების ეს ნაწილი წარმოდგენილი საქმის მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებული არ არის.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ რ. წ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ს, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ძიძიგურის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე