საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700072609
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№1აპ-19 ქ. თბილისი
ს-ი გ 1აპ-19 11 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის განაჩენით გ. ს-ი, – დაბადებული .... წელს, ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გ. ს-ა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2014 წლის 12 დეკემბერს, ღამის საათებში, თ-ი, ჯ-ს ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „...-ში“, გ. ს-ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ა-ს მოქალაქე რ. მ-ს კუთვნილ თანხას – 5 200 აშშ დოლარს, 3 300 ლარსა და 45 აზერბაიჯანულ მანათს, რის შედეგადაც ზარალმა ჯამურად შეადგინა 13 245 ლარი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გაუქმდა. გ. ს-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თამარ კერესელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, გ. ს-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა მისი ბრალეულობა.
6. გამართლებული გ. ს-ი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც პალატა სრულად ეთანხმება და მიიჩნევს, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს გ. ს-ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან (მაგალითისთვის იხ. №560აპ-16, №404აპ-16, №510აპ-14).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არცერთ წინა პირობას.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე