საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
2კ-117აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141319700074094

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№117აპ-19 ქ. თბილისი

ა. რ., 117აპ-19 30 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენით რ. ა., ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 თებერვლიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 21 ნოემბრიდან 2016 წლის 12 იანვრის ჩათვლით.

2. ამავე განაჩენით რ. მ., ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 19 სექტემბრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2015 წლის 21 ნოემბრიდან 2015 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით.

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ. ა-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· რ. ა-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 2015 წლის 21 ნოემბრამდე დროის შუალედში ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების, „კალაშნიკოვის“ სისტემის, 5,45 მმ კალიბრიან, „AKC-74У“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ნომრით --- და -- სამხედრო ვაზნას. აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს 2015 წლის 21 ნოემბერს ს-ს რაიონის სოფელ ბ-ს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. ა-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო -- ვაზნა – ს-ს რაიონის სოფელ ი-ში მდებარე რ. ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

· 2015 წლის 21 ნოემბერს, ღამის საათებში, ს-ს რაიონის სოფელ ბ-ს საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე რ. ა. გადაადგილდებოდა „ფოლკსვაგენ პასატის“ მარკის, --- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილით, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ, რუსული წარმოების, „კალაშნიკოვის“ სისტემის, 5,45 მმ კალიბრიან, „AKC-74У“ კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს, ნომრით --- და საბრძოლო მასალას – ქარხნული წესით დამზადებულ, 5.45X39მმ კალიბრიან -- სამხედრო ვაზნას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. პ-მ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და რ. ა-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა შემდეგ მოტივებზე მითითებით: ავტომანქანაში რ. ა-სთან ერთად მყოფი 4 პირი კატეგორიულად უარყოფს იმ ფაქტს, რომ რ, ა-ს ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა; მათზე პოლიციელები ახდენდნენ ზეწოლას, რათა მიეცათ რ. ა-ს საწინააღმდეგო ჩვენება; მსჯავრდებულის მამამ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს პოლიციელები სახლში ქაოსურად გადაადგილდებოდნენ და თავად მათ ჩაყარეს ვაზაში ტყვიები; რ. ა-საგან ბიოლოგიური მასალა აიღეს გაყალბებით.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებმა – ბ. რ-მ, გ. ლ-მ, გ. ო-მ, შ. ჯ-მ, გ. ა-მ, მ. გ-მ, ზ. ტ-მ, ლ. მ-მ, ბ. ჯ-მ, ლ. ჭ-მ, მ. ჭ-მ და ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირებმა დაადასტურეს ბრალდების ფორმულირებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები. გ, ო-ს, ბ. რ-სა და გ. ლ-ს ჩვენებებიდან ირკვევა, რომ პირადი ჩხრეკისას რ. ა-საგან, სხვა ნივთებთან ერთად, ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი -- ვაზნით. აღნიშნული დასტურდება რ. ა-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის 2015 წლის 21 ნოემბრის ოქმითა და ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების ჩვენებებით. საყურადღებოა, რომ პოლიციელთა ჩვენებები თანმიმდევრულია და შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე – საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც პალატას არ გააჩნია მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

9. გარდა ამისა, მოწმეების – გ. ა-ს, ლ. მ-ს, ბ. ჯ-სა და ლ. ჭ-ს ჩვენებებით, ასევე – რ. ა-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ რ. ა-ს საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა (რომელშიც მონაწილეობდა რ. ა-ს მამა) ჩატარებულია საპროცესო ნორმების დაცვით, რაც ხელის მოწერით დაადასტურა რ. ა-ს მამამ – ა. ა-მ.

10. კომპლექსური ბალისტიკურ-ქიმიური ექსპერტიზის 2015 წლის 22 ნოემბრის №---, --- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომატი არის ქარხნული წესით დამზადებული, რუსული წარმოების, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, 5,45 მმ კალიბრიანი, №--- ავტომატი („AKC-74У“), ვარგისია სროლისათვის და მიეკუთვნება ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი -- ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის, 5.45X39 მმ კალიბრიან სამხედრო ვაზნებს, განკუთვნილს 1974 წლის ნიმუშის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის – „AK-74“, „AKC-74“, „AKC-74У“, „РПK-74“, „РПKC-74“, ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ერთი მჭიდი განკუთვნილია 5,45 მმ კალიბრიანი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატთათვის. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი - მასრა ქარხნული წესით დამზადებული, 1974 წლის ნიმუშის, 5.45X39 მმ კალიბრიანი ვაზნის შემადგენელი ნაწილია; მასრები განკუთვნილია 1974 წლის ნიმუშის „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის შემდეგი ავტომატებისა და ტყვიამფრქვევებისათვის – „AK-74“, „AKC-74“, „AKC-74У“, „РПK-74“, „РПKC-74“ და გასროლილია ექსპერტიზაზე წარმოდგენილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის 5,45 მმ კალიბრიანი №--- ავტომატიდან.

11. ბიოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 4 თებერვლის №--- დასკვნით, იარაღიდან აღებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ძირითადი წილი და რ. ა-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ. ნ-მ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ წარმოდგენილი საკვლევი ობიექტების შეფუთვისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ასევე დადასტურებულია, რომ რ. ა-ს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი დათვალიერდა, ამოიღეს და დაილუქა პროკურორის, გამომძიებლის, ადვოკატის, თარჯიმნის, თავად რ. ა-ს მონაწილეობით 2015 წლის 23 ნოემბერს, ხოლო ნივთმტკიცებათა განლუქვის, დათვალიერებისა და დალუქვის შესახებ 2015 წლის 22 ნოემბრის ოქმით ირკვევა, რომ დეტექტივ-გამომძიებელმა ს. ქ-მ, უფროსი ექსპერტის – გ. მ-ს მონაწილეობით, მოახდინა ნივთმტკიცების სახით ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის (ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი -- მჭიდითა და -- ვაზნით) განლუქვა; ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტმა სპეციალური დოლბანდის მეშვეობით იარაღიდან აიღო ბიოლოგიური ანაწმენდი, რომელიც მოთავსდა სპეციალურ ფუთაში და დაილუქა. შესაბამისად, რ. ა-საგან აღებული ბიოლოგიური მასალის გაყალბებაზე საუბარი უსაფუძვლოა.

12. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით უტყუარად დასტურდება რ. ა-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად არსებითი დარღვევა, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებაზე, არ გამოვლენილა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. პ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე