დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 30.07.2019
საქმის ნომერი
5აგ.-2019
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
30.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700067892

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №5აგ-19 30 ივლისი, 2019 წელი

გ. რ., 5აგ-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენით რ. გ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.

რ. გ-ას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 5 მაისიდან.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 10 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ, როზმირ გოგენიას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი წლით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. 2018 წლის 15 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა რ. გ-ამ და საქართველოს სსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენის გადასინჯვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით რ. გ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

5. კასატორი – მსჯავრდებული რ. გ. საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინების გაუქმებას. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 1960 წლის რედაქცია); არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. განსახილველ შემთხვევაში რ. გ. საკასაციო საჩივარში სამართლებრივად აფასებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 5 მაისის განაჩენს დაედო საფუძვლად, თუმცა ახალი გარემოება, ფაქტი ან მტკიცებულება, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და მოწმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს, სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ რ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე