საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.07.2019
საქმის ნომერი
2კ-22აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002178906

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №22აპ-19 ქ. თბილისი

კ. ხ. 22აპ-19 8 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ხ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით ხ. კ. - დაბადებული … წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორივე ეპიზოდისთვის) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ,დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.

ხ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ. კ-მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ხ. კ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შემდგომი გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 14 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 1,8907 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0603 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0199 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები.

2017 წლის 4 ოქტომბერს ქ. რ-ში, ბ-ს ქუჩაზე, ე.წ. ძ. ბ-ს ტ-ზე, ხ. კ-მ ნარკოტიკული საშუალებების - 0,13 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0041 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0015 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 ცალად, 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. თ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2017 წლის 6 ოქტომბერს ქ. რ-ში, ბ-ს ქუჩაზე, ე.წ. ძ. ბ-ს ტ-ზე, ხ. კ-მ ნარკოტიკული საშუალება - 0,0412 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 ცალად, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ. თ-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ხ. კ-მ 9 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 1,3814 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0448 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0149 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები შეინახა შარვლის ჯიბეში. 3 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 0,3381 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0114 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0035 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები კი შეინახა ქ. რ-ში, ბ-ს ქუჩაზე მდებარე ......

ბინაში. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2017 წლის 13 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. რ-ში, ბ-ს ქუჩაზე მდებარე ...-ე კორპუსის ...-ე ბინაში ჩატარებული ჩხრეკისა და ხ. კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. მსჯავრდებულ ხ. კ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ხ. კ-სათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას, შემდეგ გარემოებათა გამო: ხ. კ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; არ არის ნასამართლევი და ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

8. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ხ. კ-ს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია. ქმედების სიმძიმის, ამოღებული ნარკოტიკული საშუალების სახისა და დანაშაულის ინტენსივობის გათვალისწინებით (ხ. კ-მ დროის მცირე მონაკვეთში - ოთხიდან ექვს ოქტომბრამდე ჩაიდინა სამი დანაშაულებრივი ქმედება და თითოეული მათგანი წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს), არ არსებობს ხ. კ-სთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ხ. კ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე