საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
2კ-60აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100118002256474

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №60აპ-19 ქ. თბილისი

ზ-ე გ, 60აპ-19 22 ივლისი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ზ-ეს, ბრალად ედებოდა: ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა; ხოლო ა. ღ-ს, - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანის“ უკანონო შეძენა და შენახვა.

აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, -ის რაიონის სოფელ ც-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ზ-ე და ა. ღ-ი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ჯგუფურად თავს დაესხნენ დ. მ-ეს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცეს 400 აშშ დოლარი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

2017 წლის 7 ოქტომბერს, დილის საათებში, ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ. ზ-ემ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით, ძალადობის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლებს - ზ. ტ-ესა და ა. თ-ეს, ინსპექტორ-გამომძიებელ გ. კ-ეს, უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსს - შ. ა-ს, სამმართველოს უფროსის მოადგილეს - დ. ჯ-ს, ამასთან, ამ უკანასკნელს თავში დაარტყა ხელი და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის ჟილეტი.

გ. ზ-ემ ძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა სროლისათვის ვარგისი, ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას განკუთვნილი, 9 მმ ნომინალური კალიბრიანი პისტოლეტი ,,VEZIRHAN KARIZMA” სტაციონარული ტიხარ-დამცავის გარეშე და 6 ცალი კუსტარული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, რომლებიც განეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.

გ. ზ-ემ გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე იგი გაჩხრიკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რომლებმაც ამოიღეს 23,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“.

ა. ღ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“. 2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-ი, №-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ა. ღ-ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოიღეს 100,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:

გ. ზ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. ზ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ზ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ოქტომბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ა. ღ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ღ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 7 ნოემბრიდან.

მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 6 ოქტომბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ც-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ზ-ემ დ. მ-ეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მისი და მისი ძმის მიმართ ძალადობის მუქარით, მოსთხოვა თანხის, კერძოდ, 1000 ლარის გადაცემა.

2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-ის რაიონის სოფელ ქ-ის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გ. ზ-ე გაჩხრიკეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 23,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნედლი ,,მარიხუანა“. მითითებული ნარკოტიკული საშუალება გ. ზ-ეს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა.

2017 წლის 7 ოქტომბერს ხ-ში, -ის №-ში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ა. ღ-ის საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც ამოღებულია 100,92 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. ზ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებითა და სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის; ხოლო ა. ღ-ის დამნაშავედ ცნობას - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და მათთვის სამართლიანი სასჯელების დანიშვნას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის: დაზარალებულ დ. მ-ისა და მოწმე გ. გ-ის ჩვენებებით, შემავალი და გამავალი ზარების ამსახველი დეტალური ნუსხით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ გ. ზ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

9. რაც შეეხება გ. ზ-ისთვის სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებას, საკასაციო პალატის აზრით, მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოიშვა ეჭვი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

10. კასატორის განმარტებით, ა. ღ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმე გ. გ-ის ჩვენებებით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერითა და ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ზემომითითებული მტკიცებულებებიდან დაზარალებულის ჩვენების გარდა, არცერთი არ მიუთითებს ა. ღ-ის დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ მონაწილეობაზე, რის გამოც გადაწყვეტილება მისი უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე დასაბუთებულია.

11. სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

12. ამდენად, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე