საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100118002369047
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №229აპ-19 ქ. თბილისი
ბ-ი მ., 229აპ-19 27 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
მ. ბ., - - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით მ. ბ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 1 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 24 ნოემბრიდან იმავე წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად;
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 ივნისის განაჩენით მ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის მ. ბ. ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. მ. ბ. დაქორწინებული იყო მ. ბ-ზე, ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზ-ის რაიონის სოფელ კ-ში. ქორწინების პერიოდში მეუღლეებს შორის იყო კონფლიქტური დამოკიდებულება, რისი მოტივიც გახდა ქალის მიმართ გავრცელებული სტერეოტიპული შეხედულება, რაც გამოიხატებოდა მ. ბ-ის მიერ მეუღლის - მ. ბ-ის გავლენისა და შიშის ქვეშ მოქცევასა და პირადი ცხოვრების კონტროლში. 2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამმა მ. ბ-მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, მეუღლეს - მ. ბ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. ძალადობრივი ქმედების შედეგად მ. ბ-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, ამასთან, მიიღო სხეულის დაზიანება.
2018 წლის 1 იანვარს, საღამოს საათებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), ნასვამმა მ. ბ-მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების გამო, მეუღლეს - მ. ბ-რს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის მტევანზე. მ. ბ-მა მოუწოდა მეუღლეს, თავი დაენებებინა მისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარს შეატყობინებდა პოლიციას. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ. ბ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა, გაიწია მ. ბ-საკენ და ამავდროულად, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მუქარა მ. ბ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მ. ბ-მა დაუდგენელ გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, 8მმ კალიბრიანი “BLOW-MINI MOD. 2003“ მოდელის №5-199074 პისტოლეტი. ასევე, ამ პისტოლეტის სათადარიგო - ქარხნული წესით დამზადებული მჭიდი და დაზიანებული ზამბარა. მ. ბ-მა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი, თავისივე მჭიდითა და დაზიანებული ზამბარით, ასევე მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა ზ-ის რაიონის სოფელ კ-ში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ საპირფარეშოში, საიდანაც იგი 2017 წლის 24 ნოემბერს ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ზ-ის შს რაიონული სამმართველოს მუშაკებმა.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კობა სირაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
5. კასატორის მითითებით, დ. გ-ემ განაცხადა, რომ როგორც მისმა შვილმა უთხრა, მეუღლემ - მ. ბ-მა, ნასვამმა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დანით მოკვლით დაემუქრა. დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ე. გ-ემ აღნიშნა, რომ დაზარალებული მიუთითებდა მეუღლის მხრიდან მასზე ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი, დაზარალებულს გარეგნულადაც აღენიშნებოდა დაზიანებები.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა მ. ბ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებები (მათ შორის - დ. გ-ის ირიბი ჩვენება), არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კობა სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე