დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 20.05.2011
საქმის ნომერი
ას-321-305-2011
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2011

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-321-305-2011 20 მაისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – ბ. ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ბმა «....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. ტ-ძის, მ- ტ-ძის, რ- გ-ძისა და ა. ა-შვილის სარჩელის გამო, მოპასუხე – ამხანაგობა «....», თ. ა-ძის, ა. გ-ანის, კ. შ-ისა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ბმა «.....» კრების ოქმების ¹2, ¹4 და საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმების შესახებ და

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ბმა «....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ა. გ-ანისა და კ. შ-ის მიერ მ. ა-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

2011 წლის 28 მარტს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და წარმოადგინა 2011 წლის 24 მარტის ¹1 საგადახდო დავალება 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ, ხოლო 2011 წლის 31 მარტს წარმოადგინა კ. შ-ის მიერ გაცემული მინდობილობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით ბმა «....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა საგადახდო საბუთის წარმოდგენა, რომელზეც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - «განაღდებულია» (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში), ხოლო ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას მომსახურე ბანკის მიერ გაცემული სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მ. ა-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 8 აპრილს ჩაბარდა (ტ. IV, ს.ფ. 108).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 9 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 11 აპრილს.

მ. ა-ძემ საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა 2011 წლის 12 აპრილს, ანუ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, 2011 წლის 24 მარტის ¹1 საგადასახდო დავალება.

საქრთველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით ბმა «.....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით და დაევალა ა. გ-ანის მიერ მ. ა-ძის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

ხარვეზის გამოსწორებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მ. ა-ძეს გაეგზავნა საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით და ჩაბარდა 2011 წლის 5 მაისს (ტ. IV, ს.ფ. 142).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 6 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 11 მაისს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბმა «....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბმა «.....», თ. ა-ძის, ა. გ-ანისა და კ. შ-ის წარმომადგენელ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.