საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002669650
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №190აპ-19 ქ. თბილისი
გ-ი ნ 190აპ-19 13 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ნ. გ-ი, - დაბადებული .... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 აგვისტოდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ნ. გ-ა უკანონოდ შეიძინა, უკანონოდ ინახავდა და 2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, თ-ი, ფ-ს ქ.N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ, ატარებდა ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტსა და ამ პისტოლეტისთვის განკუთვნილ 8 საბრძოლო ვაზნას. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის ,,ПМ“ მოდელის პისტოლეტი ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, ხოლო 8 ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
2018 წლის 22 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ნ. გ-ი გადაადგილდებოდა თ-ი, ფ-ს ქ. N..-ის მიმდებარედ, რა დროსაც უკანონოდ ინახავდა თავის მიერ უკანონოდ შეძენილ, საერთო წონით - 0,3966 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ,,ალფა-პვპ-ს“.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ნ. გ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. ო-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
5. დაცვის მხარის მითითებით, მსჯავრდებული პენსიონერია; იგი არის შეზღუდული შერაცხადი. მის კმაყოფაზეა მოხუცი დედა და მცირეწლოვანი შვილი; პირადი ჩხრეკა მოხდა ეჭვის საფუძველზე, რომელსაც კანონმდებელმა დაარქვა „დასაბუთებული ვარაუდი,“ შესაბამისად, სიტუაციაში, როდესაც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს არ არის ცნობილი, ეჭვმიტანილს აქვს თუ არა იარაღი - არ არსებობს დანაშაულზე წასწრების ფაქტიც.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი), ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ნ. გ-ს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ. გ-ს დანაშაულზე წასწრების ფაქტი მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. გ-ა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ო-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე