საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002307365
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №208აპ-19 ქ. თბილისი
შ-ი პ, 208აპ-19 25 სექტემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულების - გ. შ-ა და პ. შ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-ა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს განაჩენით:
გ. შ-ი, - დაბადებული ... წლის .... აპრილს, - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილითა და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პ. შ-ი, - დაბადებული .... წლის .... სექტემბერს, - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილითა და 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
პ. შ-ა და გ. შ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ისინი დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილებით:
პ. შ-ა და გ. შ-ს ბრალად ედებოდათ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ნოემბერს, დილის საათებში, მ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ი, „ლ-ს” უბანში, გ. შ-ი და პ. შ-ი, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ ხანდაზმულ ცოლ-ქმარს – ი. მ-ა და ნ. გ-ს. გ. და პ. შ-ა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ნ. გ-ა და ი. მ-ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ჯოხის გამოყენებით უმოწყალოდ სცემეს ი. მ-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად მ-ს რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ნ. გ-ა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 6 თებერვლის განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი გ. შ-ა და პ. შ-ს მიმართ:
გ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
პ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 120-ე მუხლით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ. შ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 6 თებერვლიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 28 ნოემბრიდან 2018 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.
მსჯავრდებულები - გ. შ-ი და პ. შ-ი დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოათავსეს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.
4. მსჯავრდებულები - გ. შ-ი და პ. შ-ი და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები - ჯ. გ-ა და მ. ნ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულების გამართლებას.
5. კასატორთა მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც ნ. გ-ს ეცვა მაღალყელიანი ჩექმა, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლებოდა მის დაუზიანებლად ფეხი გაჰკაწვროდა. ნ. გ-ა 112-ზე პირველი დარეკვის დროს განაცხადა, რომ მას სცემეს ბ. და ბ. შ-ა (ბ. არის გ-ა და პ-ს მამა). კასატორები საეჭვოდ ხდიან საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებას. ამასთან, არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მოწმე გ. გ-ს ჩვენებაზე. გამოძიების სტადიაზე გ. და პ. შ-ს აღიარებითი ჩვენება არის ზეწოლისა და დაშინების შედეგი. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილის სისხლი წაიღეს და გადაანაწილეს მსჯავრდებულთა ბოტასებზე, ფრჩხილებსა და ტანსაცმელზე.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №384აპ-14 და №57აპ-15 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
9. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე საკასაციო პალატა არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა (მათ შორის: დაზარალებულ ნ. გ-ს ჩვენება, ექსპერტიზის დასკვნები და ჩხრეკის ოქმები), რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს გ. შ-ა და პ. შ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს, მათ შორის - ნივთიერი მტკიცებულებების მოპოვებისა და საგამოძიებო მოქმედების ოქმების შინაარსის თაობაზე.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულების - გ. შ-ა და პ. შ-ს და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ჯ. გ-ა და მ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე