საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
2კ-252აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002503717

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №252აპ-19 ქ. თბილისი

დ. ი. 252აპ-19 2 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ი. დ- ს, - დაბადებულს … წელს, - ბრალად ედებოდა დაზარალებულის მოსყიდვის მცდელობა, რასაც თან ერთვის მისი ახლო ნათესავისათვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზების მცდელობა.

აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 9 მაისს ქ. ქ-ში, ე.წ. ,,ს-ს’’ უბნის ტერიტორიაზე, ა. ვ-ს ბრალდების საქმეზე არასრულწლოვან დაზარალებულს - ვ. კ-ს შეხვდა საფეხბურთო კლუბ ,,ჩ-ის“ მწვრთნელი ი. დ. , რომელმაც არასრულწლოვან დაზარალებულზე მოახდინა ზემოქმედება, კერძოდ: ა. ვ-ს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებისა და მისი დახმარების მიზნით მიმართა მას, რომ დახმარებოდა ა. ვ-ს პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში და ეთქვა, რომ თითქოს, ა. ვ-ს მის მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია, ვიდეოჩანაწერი იყო „მის მიერ გაკეთებული ხუმრობა“ და სხვის მიერ გადაღებული, რის სანაცვლოდაც ვ. კ-ს დედას - ნ. ბ-ს შესთავაზა 100 ლარი,რაზეც ამ უკანასკნელმა და ვ. კ-მ კატეგორიული უარი განაცხადეს, რის გამოც ი. დ-მ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით ი. დ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 2 ივნისიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 9 მაისს ქ. ქ-ში ა. ვ-ს ბრალდების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულ, არასრულწლოვან დაზარალებულს - ვ. კ-ს შეხვდა ი. დ. და მიმართა, რომ შეეცვალა გამოკითხვის დროს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია.

3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

4. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი მაია ჯაბუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ი. დ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო პალატა ი. დ-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას მართებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის - ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი არ არის უტყუარი, ხოლო ნ. ბ-ს ჩვენება არ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად), რომლებიც, გამორიცხავს ი. დ-სთვის საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილის (დაზარალებულის მოსყიდვის მცდელობა, რასაც თან ერთვის მისი ახლო ნათესავისათვის ქონებრივი სარგებლის შეთავაზების მცდელობა) ბრალად შერაცხვას.

8. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ი. დ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,372-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე