საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002184751
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №263აპ-19 ქ. თბილისი
ს-ე ლ 263აპ-19 4 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ს-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის განაჩენით ლ. ს-ე, - დაბადებული .... წლის ... დეკემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელი - 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. ს-ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 22 ოქტომბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით ლ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 7 წელი ჩაეთვალა პირობით, 8 წლის გამოსაცდელი ვადით.
2017 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში, თ-ი, ნ. ხ-ს ქუჩაზე, მე-... კორპუსის, ბინა №...-ში მდებარე თ. ი-ს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღური თავდასხმის მიზნით მივიდა მისი ნაცნობი ლ. ს-ე, რომელსაც თ. ი-მ კარი გაუღო და შეიპატიჟა. შესვლისთანავე ლ. ს-მ შეაგინა თ. ი-ს და მუშტი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც იგი დაეცა იატაკზე, ხოლო წაქცეულს წიხლებს ურტყამდა ლ. ს-ე და ამავდროულად ძალადობის გამოყენების მუქარით სთხოვდა ფულსა და ძვირფასეულობას. ლ. ს-მ დანით ფარდას მოაჭრა ორი ნაჭერი, რომლებითაც ხელები და ფეხები შეუბოჭა თ. ი-ს, შემდეგ დანა მიადო ყელზე, კვლავ მოსთხოვა ფული და ოქრო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. თ. ინაძემ უთხრა, რომ ფული და ოქრო არ გააჩნდა, რის შემდეგაც ლ. ს-ე გავიდა გვერდზე, ხელსაწყოების გამოყენებით დაამტვრია ძვირად ღირებული დაკეტილი კარადა, სადაც ეძებდა ძვირფასეულობას, მაგრამ კარადაში ვერაფერი აღმოაჩინა. ყაჩაღური თავდასხმის შედეგად იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა თ. ი-ს სახელზე გაცემულ „ლ.ს“ პლასტიკურ ბარათს, თანხას - 4 ლარს, „სამსუნგის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, ვერცხლისფერ ქანდაკებას წარწერით „RHODES“, „GENTLIS-ის“ სახელწოდების სუნამოს ფლაკონს, ასევე თ. ი-ს ნათესავის - რ. უ-ს კუთვნილ „HP-ის“ ფირმის ლეპტოპს, ანდროიდის სატენის კაბელსა და ე.წ „ჯოესტიკს“. აღნიშნული ქმედებით თ. ი-ს მიადგა მორალური, ფიზიკური და 839 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, ხოლო რ. უ-ს - 635 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებული ლ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და სასჯელის ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები ვადის შეფარდებას. კასატორი უთითებს, რომ მის კმაყოფაზე იმყოფებიან მეუღლე და ორი შვილი; აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. დღეის მდგომარეობით მსჯავრდებული ცვლის პოზიციას - იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს და ინდივიდუალურად აფასებს მსჯავრდებულის პიროვნებას. მიუხედავად იმისა რომ საკასაციო საჩივრის მიხედვით, ლ. ს-ე ცვლის პოზიციას და აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, საკასაციო პალატას დანაშაულის ჩადენის ფორმისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის (დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება; ამასთან, მსჯავრდებული თ. ი-ა და რ. უ-ს კუთვნილ ნივთებს დაეუფლა) გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ლ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე