საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002536620
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№266აპ-19 ქ. თბილისი
გ. ვ. 266აპ-19 3 ოქტომბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ვ. გ. – დაბადებული … წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 25 მაისიდან; მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი – ა. გ-საგან ამოღებული, ქრთამის სახით მიცემული ფული – 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. გ-მ ჩაიდინა ქრთამის მიცემა, ესე იგი მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის მაისში შპს „ჯ-ს“ მინდობილ პირს, ვ. გ-ს, რომელიც ო-ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასრულებდა სამუშაოებს ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურებში, სურდა კონტურებს გარეთ ინერტული მასალის მოპოვება. ამასთან, ეს მოპოვება გამოვლენილიყო, უკანონო საქმიანობის მფარველობისათვის განიზრახა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ა-ს და გ-ს რეგიონული სამმართველოს გ-ს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის – ა. გ-სათვის ქრთამის მიცემა.
· 2018 წლის 19 მაისს ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში, ა-სა და გ-ს რეგიონული სამმართველოს გ-ს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ვ. გ. შეხვდა ა. გ-ს და აუხსნა, რომ შპს „ჯ-ს“ მფლობელობაში არსებულ ლიცენზიას ვადა გასდიოდა და მას დარჩენილი ჰქონდა დაახლოებით 45 დღე ლიცენზიის ფარგლებში სამუშაოდ. ამასთან, ლიცენზიით გათვალისწინებულ კონტურში ის უკვე ვერ მოიპოვებდა ინერტულ მასალას და სურდა ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ლიცენზიის ვადაში, უკანონოდ მოეპოვებინა ინერტული მასალა და სატვირთო ავტომანქანებით გაეტანა. იმ შემთხვევაში, თუ ა. გ. არ გამოავლენდა მის უკანონო საქმიანობას და არ დააჯარიმებდა, ასევე წინასწარ შეატყობინებდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოების თანამშრომელთა ვიზიტის შესახებ და გაუწევდა სამსახურებრივ მფარველობას, ქრთამის სახით გადაუხდიდა 10 000 ლარს. ამასთან, დაჰპირდა თანხის ნაწილის წინასწარ გადაცემას.
· 2018 წლის 25 მაისს ვ. გ-მ ო-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მდებარე ა-სა და გ-ს რეგიონული სამმართველოს გ-ს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ა. გ-ს გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხის ნაწილი – 3 000 ლარი, რის შემდეგაც დააკავეს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. კ-მა, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელის – 4 წლით თავისუფლების აღკვეთის შეცვლა 10 000-ლარიანი ჯარიმით, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული კრებსებით, ვიდეო- და აუდიოჩანაწერებით, ნივთიერი და სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ვ. გ-ს ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.
8. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახესა და ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მხედველობაში მიიღო დამნაშავის პიროვნული მახასიათებლები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება, მონანიება და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ვ. გ-ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რომლის შემსუბუქების ან შეცვლის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. კ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე