საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 15.10.2019
საქმის ნომერი
2კ-302აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002505471

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№302აპ-19 ქ. თბილისი

ბ. პ. 302აპ-19 15 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით პ. ბ. – დაბადებული ... წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – 3 წლით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 1000 ლარი და პ. ბ-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 12 მაისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 1000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პ. ბ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში პ. ბ-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული „Т...“ მოდელის, 16-კალიბრიანი, გლუვლულიანი, ორლულიანი, უნომრო სანადირო თოფი, რომლის ლულა და კონდახი კუსტარული წესითაა გადაჭრილი. კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების გამო იგი წარმოადგენს გადაჭრილ თოფს, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის ორივე ლულიდან, 2 ცალი 16-კალიბრიანი საბრძოლო ვაზნით. 2018 წლის 12 მაისს, დაახლოებით 18:14 საათზე, თ-ში, პ-ს ქ. №...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, პ. ბ. მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ „Т...“ მოდელის, 16-კალიბრიან ცეცხლსასროლ იარაღს 2 ცალი, 16-კალიბრიანი საბრძოლო ვაზნით.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი დ. მ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 თებერვლის განაჩენის, როგორც უსაფუძვლოს, უკანონოსა და დაუსაბუთებლის, გაუქმებასა და პ. ბ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ სამი პოლიციელის ჩვენებას.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემომითითებული საფუძველი. პალატა აღნიშნავს, რომ პ. ბ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2018 წლის 6 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაკავებისა და ამოღების ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების – ს. ფ-ს, კ. ბ-ს და ვ. თ-ს გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 13 მაისის №.... ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის შეფასებას მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და პ. ბ-ს აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №96აპ-17).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ პ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე