საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 21.10.2019
საქმის ნომერი
2კ-528აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002378952

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №528აპ-19 ქ. თბილისი

ე. თ. 528აპ-19 21 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძისა და მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ე-ს, – დაბადებულს … წელს, ნასამართლევს, – ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ასევე – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ასევე – განზრახ ნაკლებად მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებაში.

2. თ. ე-ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2018 წლის 26 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, მ. თ-ს ქ. №....-ში, თ. ე-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – თ. ბ-ს, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე,118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

· 2018 წლის 27 თებერვალს, ღამის საათებში, თ-ში, ფ-ს ქ. №..., ბინა №...-ში, თ. ე. დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – თ. ბ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები) ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში მყოფი თ. ე. 2018 წლის 1 მარტს, დღის საათებში, თ-ში, ქ-ს ქ. №...-ში, ატარებდა ცივ იარაღთა კატეგორიას მიკუთვნებულ, ქარხნული წესით დამზადებულ დანას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით თ. ე. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით – ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და თ. ე-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. თ. ე-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 1 მარტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. პროკურორი გრიგოლ ნიშნიანიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას და თ. ე-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც.

6. მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. კ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ბრალდების სრული მოცულობით.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატის აზრით, უსაფუძვლოა პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, სხვა მუხლებთან ერთად, თ. ე-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაც მსჯავრდების შესახებ, რადგან ბრალდების ამ ნაწილში საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 1 მარტის №... და 2018 წლის 12 მარტის №... დასკვნებით დასტურდება მხოლოდ თ. ბ-ს სხეულზე დაზიანებების არსებობა და არ დგინდება დაზიანების მიმყენებელი პირი. მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებით – დაზარალებულ თ. ბ-ს ჩვენებით კი უტყუარად არ დასტურდება თ. ე-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

10. რაც შეეხება ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ თ. ე-ს მიმართ ბრალდების სრული მოცულობით გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტებიც უსაფუძვლოა, ვინაიდან საქმეზე შეკრებილია უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით თ. ე-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ: მოწმეების – თ. ბ-ს, თ. ბ-ს, ნ. ა-ს ჩვენებებით, დათვალიერების ოქმით, №... შემაკავებელი ორდერით დასტურდება თ. ე-ს მიერ საქართველოს სსკ-ის მე-111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო 2018 წლის 1 მარტის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, მოწმეების – დ. მ-ს, მ. გ-ს, ვ. ბ-ს და ბ. შ-ს ჩვენებებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის 2018 წლის 5 მარტის №.. დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით – სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძისა და მსჯავრდებულ თ. ე-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. კ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე