საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100118002493167
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №423აპ-19 ქ. თბილისი
მ-ე გ, 423აპ-19 18 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით გ. მ-ე, - დაბადებული ... წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 4000 ლარი, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, გ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 მაისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის დადგენილებით გ. მ-ს ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარებისათვის დაედო ადმინისტრაციული სახდელი.
ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებულმა გ. მ-მ ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“, რაც 2018 წლის 7 მაისს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.
გ. მ-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით – საერთო წონით – 0,024 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომელიც 2018 წლის 6 მაისს, დაახლოებით 22:10 საათზე, ხ-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-ი მდებარე საბაჟო – გამშვები პუნქტის გავლით თ-ს რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მებაჟე - ოფიცერმა ბ. კ-მ გ. მ-ს პირადი დათვალიერების დროს აღმოუჩინა.
3. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. თ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას. კასატორის მითითებით, მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული, ჰყავს ხანდაზმული მშობლები.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარებს დანაშაულს), ასევე - პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. მ-ს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.
8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე