საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002424237
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№391აპ-19 ქ. თბილისი
ს. ს., 391აპ-19 8 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ს-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით:
ს. ს., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ს. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს. ს-ის სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
ს. ს-ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ს. ს-იმ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 8,393 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,38865 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება, საიდანაც ნაწილი, დიდი ოდენობით - 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება 2018 წლის 23 მარტს ქ. თ-ში, ო-ში, ა. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე ბინა N--ში უკანონოდ გაასაღა არასრულწლოვან ჰ. მ. გ-ზე, ხოლო დარჩენილ ნაწილს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,5551 გრამ ნარკოტიკულ საშუალება კანაფის ფისის შემცველ ნივთიერებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,38865 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველ ნივთიერებას უკანონოდ ინახავდა ქ. თ-ში, ო-ში, ა. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე ბინა N--ში, დროებით საცხოვრებელ სახლში.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი, დიდი ოდენობით - 0,8379 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი ნივთიერება ამოიღეს 2018 წლის 23 მარტს ქ. თ-ში, კ. ა-ის ქუჩა N--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰ. მ. გ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო დარჩენილი ნაწილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,5551 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის შემცველი ნივთიერება და განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 1,38865 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება ამოიღეს იმავე დღეს, ქ. თ-ში, ო-ში, ა. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე ბინა N--ში, ს. ს-ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
ს. ს-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა დიდი ოდენობით - 227,33 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანა“, რასაც უკანონოდ ინახავდა ქ. თ-ში, ო-ში, ა. ხ-ის ქუჩა N--ში მდებარე, ბინა N--ში, თავის დროებით საცხოვრებელ სახლში და რაც მ/წლის 23 მარტს ამოიღეს მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ი-ემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულმა საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე თავი დამნაშავედ არ ცნო; იგი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა; დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას ს. ს-ს ნარკოტიკული საშუალება არ აღმოაჩნდა; სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; პოლიციელთა ჩვენებები, რომლებსაც განაჩენი ემყარება, ნაკლებსარწმუნოა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №96აპ-17 და №262აპ-17 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
8. მოწმეების - ჰ. მ. გ-ის, დ. დ-ის, ძ. რ-ის, დ. ლ-ის, ა. ა-სა და გ. ნ-ის ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმებით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ს. ს-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ს. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე