საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 08.11.2019
საქმის ნომერი
2კ-398აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002288298

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №398აპ-19 ქ. თბილისი

ზ. ნ., 398აპ-19 8 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჭ-ის, მსჯავრდებულ ნ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ზ-ს, - ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით ნასამართლევი ნ. ზ. 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ-ში, ფ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ზ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ჯ. ა-ს სახეში და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა რკინის მილს, რა დროსაც ჯ. ა-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

ნ. ზ-ს წარდგენილი ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

ნ. ზ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 დეკემბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით ნ. მ., იგივე ნ. ზ. (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის წერილის თანახმად, ნ. მ-ს (--) მიღებული აქვს სახელი და გვარი - ნ. ზ., საფუძველი – სახელისა და გვარის შეცვლის 2014 წლის 9 ივლისის აქტის ჩანაწერი), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 26 თებერვლიდან. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ. მ-ს (იმავე ნ. ზ-ს) „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 4 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 26 თებერვლიდან და რაც განჩინების მიღების დროისათვის მოხდილი ჰქონდა. შესაბამისად, ნ. მ. (იგივე ნ. ზ.) სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2013 წლის 25 იანვარს.

იგი ჯერ კიდევ იყო ნასამართლევი განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის, როდესაც 2017 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ-ში, ფ-ის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ზ-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიზნით, ჯ. ა-ს სახესა და სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა მკვრივი საგანი, რის შედეგადაც ჯ. ა-მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი შ.ა ჭ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ზ-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის შესაბამისი ნაწილით; დაზარალებულმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჩვენება მისცა; მსჯავრდებულს ხელში არაფერი სჭერია დაზარალებულთან კონტაქტის დროს, მას რკინის მილი არ გამოუყენებია; სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის შერიგების ფაქტზე; ნ. ზ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას.

6. მსჯავრდებული ნ. ზ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ნ. ზ-ის მიერ ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ავტოსამრეცხაოში არსებული ჩანაწერები იმის შესაფასებლად, თუ რა დაზიანება აღენიშნებოდა ამოევს. სამედიცინო ბარათში აღწერილი მონაცემები არ შეიძლება უპირობოდ მივიჩნიოთ როგორც ნ. ზ-ის ქმედების შედეგი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეების - ჯ. ა-სა და უ. მ-ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერები და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ნ. ზ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ვ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებული პასუხები გასცა დაცვის მხარის არგუმენტებს, მათ შორის - ნ. ზ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე ან 118-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე.

11. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებებს, ქმედების განხორციელების სახეს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს (კერძოდ, რომ შემთხვევის შედეგად დაზარალებულს შემცირებული აქვს მხედველობა და მეხსიერების პრობლემები გააჩნია) და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ზ-ს სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ზ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ. ჭ-სა და მსჯავრდებულ ნ. ზ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე