განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 06.11.2019
საქმის ნომერი
2კ-419აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.11.2019

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100108002252473

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N419აპ.-19 ქ. თბილისი

გ-ი ს. 419აპ.-19 6 ნოემბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ს. გ., – - ნასამართლობის არმქონე, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით – მამათმავლობაში, ძალადობით, დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით და სექსუალური ხასიათის მოქმედებაში იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი.

2. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3. 2008 წლის 25 მაისს მცირეწლოვანი, --ს დაბადებული მ. გ., თავის მცირეწლოვან ბიძაშვილთან – თ. გ-თან ერთად, მივიდა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან, -- დაბადებულ ს. გ-თან სახლში ტელეთამაშების სათამაშოდ. მალე თ. გ-ს დედამ დაუძახა და სახლში წაიყვანა. ოთახში, სადაც ისინი თამაშობდნენ, იმყოფებოდნენ ორნი. არასრულწლოვანმა ს. გ-მა განიზრახა, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება ჩაედინა მცირეწლოვან მ. გ-თან, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დაიჭირა მცირეწლოვანი მ. გ., რომელიც არ იყო 14 წლის, ძალით გახადა შორტი, თვითონაც ჩაიხადა შარვალი, ამოიღო ასო და ძალადობის მუქარით უკანა ტანიდან დაამყარა მასთან სექსუალური კონტაქტი.

4. აღნიშნული ქმედებისათვის ს. გ-ს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია) მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 88-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ერთი მესამედით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთამდე; ამავე მუხლის საფუძველზე ს. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულის წარმომადგენელმა ი. მ-ამ და მისმა ადვოკატმა ბ. მ-მა. მათ მოითხოვეს მსჯავრდებულ ს. გ-სათვის სასჯელის დამძიმება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განაჩენით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენი ს. გ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ს. გ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებით დანიშნული საბოლოო სასჯელი და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

8. მსჯავრდებული ს. გ. დააკავეს 2017 წლის 14 დეკემბერს.

9. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ს. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა ან მისი გათავისუფლება გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ს. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილებიდან (2008 წელს მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მესამედით და განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ს. გ-ს გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2017 წლის14 დეკემბრიდან.

11. კასატორი – ადვოკატი თ. ჯ. ითხოვს ს. გ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას ან მის გათავისუფლებას სასჯელის მოხდისაგან გამამტყუნებელი განაჩენის ხანდაზმულობის გამო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე დაყრდნობით. დაცვის მხარემ საკასაციო პალატას წარმოუდგინა სსგს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 1 მაისს გაცემული განმეორებითი დაბადების მოწმობა №--(აქტის ჩანაწერის №--, პირადი №--), რომლის თანახმად, ს. გ. დაბადებულია --ს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. დაცვის მხარემ საკასაციო პალატას წარმოუდგინა სსგს გარდაბნის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2019 წლის 1 მაისს გაცემული დაბადების მოწმობა №-- (აქტის ჩანაწერის №--, პირადი №--), რომლის მიხედვითაც, ს. გ. დაბადებულია --ს.

3. ვინაიდან დაცვის მხარე ზემოთ მითითებულ დოკუმენტზე დაყრდნობით აპელირებს ბრალდებულის ასაკის გამო შეურაცხაობაზე, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის სრულფასოვნად გამორკვევის მიზნით საქმე უნდა დაბრუნდეს სააპელაციო სასამართლოში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვებისა და შემოწმების თაობაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ს. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ს. გ-ის მიმართ და საქმე ხელახლა განსახილველად გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე