საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №677აპ-19 ქ. თბილისი
ნ. ნ., 677აპ-19 6 თებერვალი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის – გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. ნ.-ს, – დაბადებულს წელს, –ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და გაფლანგვა.
2. აღნიშნული ბრალდება გამოიხატა შემდეგში:
· ნ. ნ.-სა და ზ. მ.-ს ბათუმში საცხოვრებელი ბინებისა და ინვენტარის შესაძენად, ასევე ცალკეული სარემონტო სამუშაოების დასაფინანსებლად, 2014-2015 წლებში რ.-ის ფედერაციიდან ბ.-ში საბანკო გადარიცხვების გზით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჯ. გ.-მ გადასცა 444 400 აშშ დოლარი, ხოლო პირადად ნ. ნ.-ს – 20 000 აშშ დოლარი. მითითებულ პერიოდში ნ. ნ.-მ და ზ. მ.-მ, რომლებიც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, მათ მართლზომიერ მფლობელობაში გადასული, ჯ. გ.-ის კუთვნილი ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი, დიდი ოდენობით თანხა – 18 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი –მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი, დიდი ოდენობით – 164 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი – მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განაჩენით ნ. ნ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი გიორგი რამიშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ. ნ.-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იმ მოტივით, რომ სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ნ. ნ.-ის ბრალეულობას.
6. გამართლებულ ნ. ნ.-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – პ. ბ., ვ. ხ. და მ. მ. შესაგებლით ითხოვენ პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. სააპელაციო პალატამ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმეების – ჯ. გ.-ს, ე. გ.-ს, გ. გ.-ს, ი. გ.-ს, ჯ. ნ.-ს, პ. მ.-ს, ე. მ.-ს, მ. ნ.-ს, ე. ა.-ისა და სხვათა ჩვენებები, შპს „ე.-ის“ 2015 წლის 10 სექტემბრის დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა №, სასაქონლო ექსპერტიზის 2016 წლის 22 ივლისის №, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის 2016 წლის 24 ივლისის № დასკვნები (რომელთა სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა – ი. გ.-მ და კ. ა.-მ), საბანკო გზავნილების ამონაწერები, ინვოისები და სასაქონლო ზედნადებები, 2017 წლის 31 ოქტომბრის სარემონტო სამუშაოებისა და მოძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის შესახებ № დასკვნა და სხვა მტკიცებულებები ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანზე და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოქმნილი ეჭვი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, სრულიად კანონიერად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს ეჭვის შეტანის შესაძლებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988, ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ. 125; მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ. 49).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ გიორგი რამიშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე