დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 24.02.2020
საქმის ნომერი
2კ-9-I-20
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№9I-20 ქ. თბილისი

ს. ბ., 9I-20 24 თებერვალი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

სხდომის მდივან - კ. თ.-ს

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ.-ს

ადვოკატ – ნ. ი.-ს

თარჯიმან – ნ. ბ.-ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ.-ს (S. B.) ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად:

2006 წლის 14 ივნისს თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონული მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით ს. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით იგი ასევე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმავე კოდექსის 456-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება) და თურქეთის რესპუბლიკის №6136 კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.

2. 2008 წლის 12 მარტს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული განაჩენი განზრახ მკვლელობის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ნაწილში – გაუქმდა.

3. 2013 წლის 8 მარტს გამოიცა ს. ბ.-ს დაკავების ბრძანება.

4. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ს. ბ.-ს მიერ თურქეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2004 წლის 27 მარტს თ.-ს რესპუბლიკის ქ. ს.-ში, გ.-ს რაიონის ცენტრში, ორმა უცნობმა პირმა ჩამოხსნა სამართლიანობის და აღორძინების პარტიის დროშები, რასაც მოჰყვა დაპირისპირება აღნიშნულ პირებსა და პარტიის აქტივისტებს შორის. იმავე დღეს ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის 25-30-კაციანი აქტივისტთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ს. ბ., ნ. თ., მ. უ., რ. დ. და ა. ო., სამართლიანობის და აღორძინების პარტიის საარჩევნო ოფისში მივიდა. აღნიშნულ ჯგუფთან შესახვედრად მივიდა სამართლიანობის და აღორძინების პარტიის პასუხისმგებელი პირი, დაზარალებული ა. ე. ზემოხსენებული ჯგუფის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ა. ე.-ს, რის შედეგადაც იგი წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ ს. ბ.-მ და მისმა თანამზრახველებმა ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს დაზარალებულს, რომელიც გარდაიცვალა.

5. აღწერილი ქმედება დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის №765 კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

6. ს. ბ.-ს ქმედება, ჩადენილი საქართველოს იურისდიქციაში, დაკვალიფიცირდებოდა, სულ მცირე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

7. 2017 წლის 7 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ.-ს რ.-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ს. ბ.

8. 2017 წლის 9 მაისს მ.-ს მუნიციპალიტეტში ბ.-ს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის განჩინებით ს. ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო – 50 000 ლარი, პატიმრობის უზრუნველყოფით და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა 2017 წლის 11 მაისს.

9. 2017 წლის 19 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი პროკურორის საჩივარი მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის 2017 წლის 9 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

10. 2017 წლის 2 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ს. ბ.-ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დოკუმენტები.

11. 2020 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და ითხოვა ს. ბ.-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა, თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონული მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 ივნისს გამოტანილი განაჩენის (თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განაჩენის შესწორებების გათვალისწინებით) აღსრულების მიზნით.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2020 წლის 6 თებერვლის განჩინებით დასაშვებად ცნო ს. ბ.-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონული მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 ივნისს გამოტანილი განაჩენის (თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განაჩენის შესწორებების გათვალისწინებით) აღსრულების მიზნით.

13. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ.-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ი. საკასაციო საჩივრით ითხოვს ს. ბ.-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმებას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ. მაღალი ალბათობით დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინაიდან იგი 2003 წლის 9 სექტემბერს აირჩიეს თურქეთის რესპუბლიკის ოპოზიციური პარტია „ნაციონალისტური მოძრაობის“ გუნგორენის რაიონული ორგანიზაციის პარტიის დირექტორთა საბჭოს წევრად; ამ პარტიის მიზანია დემოკრატიული არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, რაც სამთავრობო ძალების უკმაყოფილებას იწვევს; ს. ბ.-ს 2004 წლის 27 მარტს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია და არ გამოუყენებია, მას არც ის დაუნახავს, ვინ ვის ესროდა; ს. ბ.-ს სდევნიდნენ, რამაც აიძულა, 2008 წლის 29 მარტს ქვეყანა დაეტოვებინა და საქართველოში ჩამოსულიყო. კასატორი აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა შესაძლებელია ან აუცილებელია, რომ არ დაკმაყოფილდეს, თუ ექსტრადიციის მოთხოვნას საფუძვლად უდევს პოლიტიკური მოტივი, დევნის ან დისკრიმინაციური განზრახვა. დიპლომატიურ გარანტიებს არ გააჩნია სამართლებრივი ეფექტი, რადგან პრაქტიკაში არსებობს მაგალითები, რომ ასეთმა გარანტიებმა ვერ უზრუნველყო ექსტრადირებული პირების წამებისაგან დაცვა.

14. გარდა ამისა, ადვოკატის განმარტებით, ს. ბ. ჯეროვნად ასრულებს გირაოს პირობებს, კვირაში ორჯერ ცხადდება პოლიციის განყოფილებაში, ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას, პატიოსნად იხდის გადასახადებს, არის კომპანია „ი.-ს“ დირექტორი, საქართველოში აქვს უძრავი ქონება, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ხასიათდება დადებითად, აქვს ბინადრობის უფლება; იგი პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი არ ჩაუდენია. დაცვას მიაჩნია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ.-ს მიმართ აშკარად დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლები.

15. სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა ნ. ი.-მ და ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა ს. ბ.მ მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ამასთან, ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ს. ბ.-ს ადვოკატმა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით გაასაჩივრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უარი თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმე ამჟამად არის მოსამართლე თამარ მეშველიანის წარმოებაში. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კასატორმა წარუდგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

16. პროკურორმა თემურ ცინდელიანმა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. ს. ბ. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2017 წლის 7 მაისს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, დაკავებისას მის მიმართ არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

4. საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ს. ბ.-ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებების მინიმალური სტანდარტები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს რაიმე მტკიცებულებები, რაც მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

5. დაცვის მხარის მითითებასთან დაკავშირებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ. დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რადგან არის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებებს. ს. ბ.-ს ექსტრადიციის მიზნით დაკავებიდან ამ დრომდე დაცვის მხარეს არცერთი წერილობითი განცხადება ან მტკიცებულება არ წარმოუდგენია ზემომითითებული საკითხის თაობაზე. თურქეთის რესპუბლიკაში სამართალწარმოების დროს ს. ბ. უზრუნველყოფილი იყო ადვოკატის მომსახურებით, ვისთან ერთადაც ესწრებოდა სასამართლო სხდომებს, ჰქონდა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის წარედგინა საკუთარი მტკიცებულებები და მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაში. მეტიც, სამართალწარმოება განხორციელდა ს. ბ.-ს სასარგებლოდ – თურქეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მას სამიდან ორი ბრალდება მოუხსნა, იგი დამნაშავედ ცნო მხოლოდ განზრახ მკვლელობის ნაწილში და მისცა სამართალწარმოების მიმდინარეობისას ქვეყნის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამდენად, დაუსაბუთებელია ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ გამოთქმული მოსაზრება თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში პოლიტიკური ნიშნით მის მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხის შესახებ.

6. ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი არ არის გამყარებული უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არსებული კონკრეტული მტკიცებულებებით, არ ქმნის არსებით საფუძველს ვარაუდისათვის, რომ პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის უკანონო ხელყოფის საფრთხე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey) # 46827/99 and # 46951/99, § 73, 04.02.2005).

7. გარდა ამისა, საექსტრადიციო მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ს. ბ.-ს საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, ან ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებები დაირღვევა, მეტიც, არ არსებობს რაიმე ნიშნით მისი დევნის საფრთხე (აღნიშნული დადასტურდა საქართველოს პროკურატურის მიერ ინტერნეტის ღია წყაროებში მოძიებული ინფორმაციითაც), რაც კიდევ უფრო გაზრდიდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის რისკს.

8. საყურადღებოა ისიც, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ მოწოდებულ მასალებში წარმოდგენილია გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ს. ბ. ისარგებლებს თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული ყველა უფლებით, რომელთა ხელმომწერიცაა თურქეთის რესპუბლიკა. ამასთან, მხედველობაშია მისაღები თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისა და ადამიანის უფლებების სხვა ტიპის დარღვევების პრევენციისა და აღკვეთის კუთხით.

9. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით ს. ბ. არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირად, ვინაიდან იგი არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.

10. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 2018 წლის 28 მარტს ს. ბ.-ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული ინფორმაციით, 2018 წლის მარტიდან 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ს. ბ.-ს აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, იგი დღეის მდგომარეობით არ სარგებლობს საერთაშორისო დაცვით, მას საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი არ გააჩნია და არ ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს ზემოთ მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება.

11. გარდა ამისა, დანაშაულებრივი ქმედება, რომელთა ჩადენისთვისაც ს. ბ. მსჯავრდებულია თურქეთის რესპუბლიკაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. თურქეთის რესპუბლიკაში ს. ბ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 14 ივნისს, ხოლო ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების ბრძანება გაიცა 2013 წლის 8 მარტს. შესაბამისად, მოცემულ განაჩენთან მიმართებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, ს. ბ.-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არც თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით არის გასული.

12. აღსანიშნავია ისიც, რომ, როგორც ს. ბ.-მა გასაუბრებისას განმარტა, თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი დედა, სამი და და ორი ძმა, ასევე – ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ხოლო საქართველოში ცხოვრობენ მისი მეუღლე ნ. ხ. და მცირეწლოვანი შვილი შ. ბ.

13. გასათვალისწინებელია, რომ თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოა და ორ ქვეყანას შორის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებით, 2011-19 წლებში ნ. ხ.-მ 20-ჯერ გადაკვეთა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი, ხოლო შ. ბ.-მ – 2-ჯერ. ბოლოს მათ აღნიშნული საზღვარი გადაკვეთეს 2019 წლის 14 აგვისტოს, რაც კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ ს. ბ.-ს მეუღლესა და შვილს თურქეთის რესპუბლიკაში მოგზაურობისათვის დაბრკოლებები არ ექმნებათ. ასეთ ვითარებაში ს. ბ.-ს ექსტრადიციის შემთხვევაში არ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების დარღვევის რისკი.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ს. ბ.-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, თურქეთის რესპუბლიკის №765 სისხლის სამართლის კოდექსის 448-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მოცემული პირის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ბაქირქოის რაიონული მე-3 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 ივნისს გამოტანილი განაჩენის (თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 12 მარტის განაჩენის შესწორებების გათვალისწინებით) აღსრულების მიზნით, კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ს. ბ.-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ი.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 6 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე