საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 09.01.2020
საქმის ნომერი
2კ-593აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002549189

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№593აპ-19 ქ. თბილისი

ო-ა ო. კ-ი, 593აპ-19 9 იანვარი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ო. კ-ი ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 მარტის განაჩენით:

ო. კ-ი ო-ა, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ–ის 141–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ–ის 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ო. კ-ი ო-ს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2018 წლის 14 ივნისიდან.

უ. ს-ლ ე-ე, - დაბადებული ... წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 151–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი, რაც საქართველოს სსკ–ის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე, 2018 წლის 14 ივნისიდან იმავე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 3000 ლარი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2018 წლის 11 ივნისს, შუადღის საათებში, თ-ი, ქ-ს ქუჩის №....–ე კორპუსის ეზოში, ო. კ-ი ო-მ 11 წლის მ. ო-ა და 10 წლის ლ. ლ-ს მიმართ ძალადობის გარეშე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, კერძოდ, თექვსმეტ წელს მიუღწევლების თანდასწრებით მოახდინა სასქესო ორგანოს დემონსტრირება.

2018 წლის 11 ივნისს, შუადღის საათებში, თ-ი, ქ-ს ქუჩის №...-ე კორპუსის ეზოში, ო. კ-ი ო-ა და უ-ე ს. ე-ე, ჯგუფურად თ. ქ-ს დაემუქრნენ სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ადვოკატი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

6. კასატორის პოზიციით, ო-ა უარყოფს გარყვნილი ქმედების ჩადენას და ამბობს, რომ მოწმეები სიმართლეს არ ამბობენ, მას არ შეიძლება ასეთი ქმედება ჩაედინა. ასევე უარყოფს, რომ ვინმეს დაემუქრა. თუ ასეთი ცუდი საქციელი ჩაიდინა, მაშინ რატომ არ დაურეკეს პოლიციას. პირიქით, ო-ა ამბობს, რომ მისი, როგორც ფერადკანიანის მიმართ იყო მეზობლების მხრიდან გარკვეული სახის აგრესია. ვინაიდან დაიძაბა სიტუაცია მისი ეზოში გასვლის შემდეგ, მისმა მეგობრებმა გამოიძახეს პოლიცია. მუქარა რომ რეალური და საშიში ყოფილიყო, მაშინ ქალის ერთი ხელის დაჭერით ან აქნევით არ დატოვებდა იქაურობას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები. მოწმეების - მ. ო-ს, ლ. ლ-ს, თ. ქ-ს, ა. პ-ა და ლ. ქ-ს ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ო. კ-ი ო-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

10. დაცვის მხარეს არ მიუთითებია ისეთი სახის გარემოებაზე, რაც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი გამხდარიყო.

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ო. კ-ი ო-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. დ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე