დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330802219003323001
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
511-19 ქ. თბილისი
ს. ე-რ, 511-19 20 დეკემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ნანიკო ზაზუნაშვილის
ადვოკატ - ნ. ს-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - ე. ს-ის
თარჯიმან - ა. ი-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
I. ე. ს-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
1.1. 2018 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო ა-ის რესპუბლიკის შუამდგომლობა ე. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე და თანდართული დოკუმენტები.
1.2. 2019 წლის 11 აპრილს ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით ე. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. იმავე განაჩენით ე. ს-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით და ჯარიმა - 5000 ლარი.
1.3. 2019 წლის 29 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ს..
1.4. 2019 წლის 31 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
1.5. 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ს-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2019 წლის 29 ნოემბრამდე.
1.6. 2019 წლის 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განჩინებით ე. ს-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2020 წლის 29 თებერვლამდე.
II. ე. ს-ის მიმართ ა-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2.1. 2018 წლის 4 ივნისს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179.3.2 მუხლით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
2.2. იმავე დღეს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებულმა კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველომ ე. ს-ის მიმართ გამოაცხადა ძებნა.
2.3. 2018 წლის 1 აგვისტოს ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების თანახმად, მას ბრალად ედება ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179.3.2 მუხლითა (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) და 318.1 მუხლით (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2.4. იმავე დღეს ა-ის რესპუბლიკის ქ. ბ-ს ბინაგადინის რაიონული სასამართლოს განჩინებით ე. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეეფარდა პატიმრობა.
III. ფაქტები:
3.1. ა-ის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ე. ს-სათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
3.2. ე. ს. 2017-2018 წლებში მუშაობდა კომპანია „ა-ას“ სპეციალისტ-ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე. მის მოვალეობებში შედიოდა: კომპანიის კუთვნილი ტვირთის მიღება, კონტროლი, აღრიცხვა და შესაბამის ობიექტებში აღნიშნული საქონლის გაყიდვის ორგანიზება.
3.3. 2018 წლის მარტში ე. ს-მა სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში კომპანიის მძღოლთან ერთად მიიტანა ჯამურად - 143 119.08 ა-ი მ-ის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, ხოლო ობიექტებიდან მიღებული თანხის ნაწილი - 88 778.81 მიითვისა და გამოიყენა პირადი შეხედულებისამებრ.
3.4. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2018 წლის 17 ივლისს ე. ს-მა ა-ის რესპუბლიკის საზღვარი შესაბამისი საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს მიმართულებით, გადაკვეთა.
4. 2019 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და ითხოვა:
4.1. დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179.3.2 მუხლით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით);
4.2. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1 მუხლით (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით:
5.1. დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179.3.2 მუხლით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით);
5.2. დაუშვებლად იქნა ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული, ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1 მუხლით (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ე. ს-ს დაკავებისთანავე დროულად არ განუმარტეს ა-ის მხარის მოთხოვნა მისი ექსტრადიციის თაობაზე, რითაც დაირღვა მისი უფლებები; მან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოიხადა სასჯელი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე კვლავ ციხეში დააბრუნეს და დაიწყეს ექსტრადიციის პროცედურები; ამასთან, იგი დღეის მდგომარეობით თავშესაფრის მაძიებელი პირია და წარმოდგენილი მასალების თანახმად, მისი საქმე ჯერ კიდევ განხილვის სტადიაზეა; ე. ს. კატეგორიულად გამორიცხავს მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს; კასატორი საჩივარში ასევე უთითებს ა-ის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა დარღვევის სხვადასხვა ფაქტზე.
7. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა, ადვოკატმა ნ. ს-ემ მხარი დაუჭირა საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. ა-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ს. საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2019 წლის 29 მაისს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. დაუდასტურებელია დაცვის მხარის მითითება, რომ ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე იარსებებს. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, შესაბამის ქვეყანაში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება არ არის საკმარისი და ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის რისკების არსებობის სამტკიცებლად ეს ყოველივე საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები თურქეთის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352). მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ ზოგადად მიუთითა ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის შესახებ.
5. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ე. ს. ამჟამად თავშესაფრის მაძიებელი პირია, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშომლობის შესახებ საქართველოს კანონისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, აკრძალულია მხოლოდ თავშესაფრის მაძიებელი პირის ფაქტობრივი გადაცემა და არა პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება.
6. კასატორის არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლებიც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უდანაშაულობის მტკიცებას შეეხება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არ იხილება პირის ბრალეულობის საკითხი; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმის შესახებ, ხომ არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები.
7. ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ა-ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიებს, რომელთა მიხედვითაც, ექსტრადიციის შემთხვევაში ე. ს. არ დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. მას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიეცემა თავის დაცვის ყველა საშუალება. გარანტიის მიხედვით, შუამდგომლობა პირის გადმოცემის შესახებ მიზნად არ ისახავს პოლიტიკური, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული მოტივით მის დევნას. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარანტია გაცემულია კომპეტენტური ორგანოს, კერძოდ, ა-ის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის მიერ; ამასთან, მისი შინაარსი არ არის ზოგადი და ბუნდოვანი (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „კლეინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Klein v. Russia), N24268/08, §55 და “ჩაჰალი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ,“ (Chahal v. The United Kingdom), N22414/93, §105). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია რაიმე სახის საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს იგი.
8. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე ე. ს., საექსტრადიციო პროცედურების დაწყების მიზნით, დააკავეს და ვინაიდან იგი დაკავებამდე არ ფლობდა ინფორმაციას ა-ის რესპუბლიკის მიერ მისი გადაცემის თხოვნის შესახებ, ამდენად, მისი უფლებები დარღვეულია. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირისათვის სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებამდე ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის შემოსვლის ფაქტზე ინფორმირების ვალდებულება - მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
9. მოცემულ შემთხვევაში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ა-ის რესპუბლიკის შუამდგომლობა ე. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე მიიღო 2018 წლის 17 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ ამ დროისთვის ე. ს. საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით უკვე დაკავებული იყო (საბოლოოდ იგი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი). სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცნობის თანახმად, ე. ს. ციხიდან 2019 წლის 29 მაისს გათავისუფლდა; ამავე დღით თარიღდება მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმიც, რომლის მიხედვითაც, დაკავების საფუძველს წარმოადგენს ბაქოს ბინაგადინის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება. 2019 წლის 29 მაისიდან (ე.ი დაკავებიდან) ე. ს. კანონით გათვალისწინებული წესით გაეცნო თავის ყველა უფლება-მოვალეობას. აღსანიშნავია, რომ საკასაციო სასამართლო სხდომაზე თავად დაცვის მხარის მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ექსტრადიციის პროცედურების დაწყების შემდეგ ე. ს-სათვის უფლება-მოვალეობის კანონით დადგენილი წესით განმარტების ფაქტი სადავო არ ყოფილა (დაცვის მხარის პრეტენზია შეეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ 2018 წლის 17 ოქტომბერს მიღებული შუამდგომლობის შესახებ ინფორმაციის - ე. ს-სათვის მიწოდების ფაქტს).
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179.3.2 მუხლით (მითვისება, ჩადენილი დიდი ოდენობით) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
11. კანონიერია აგრეთვე იმავე, 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დაუშვებლად ცნობილი ე. ს-ის ა-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ა-ის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურასთან არსებული კორუფციასთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოცემული ე. ს-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ 2018 წლის 1 აგვისტოს დადგენილებაში და დასჯადია ა-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 318.1 მუხლით (ა-ის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
პ. ქათამაძე