დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.10.2010
საქმის ნომერი
ას-696-652-2010
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.10.2010

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-696-652-2010 25 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ა-ოვი

მოწინააღმდეგე მხარე _ დ., ს., მ. პ-შვილები, მ. მ-ოვი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ., ს., მ. პ-შვილებისა და მ. მ-ოვის სარჩელი მოპასუხე ე. ა-ოვის მიმართ თანხის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; ე. ა-ოვისათვის თანამოსარჩელეების მიერ სოლიდარულად, მათ მიერვე დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, კერძოდ, თბილისში, ... ქ.¹6-ში მდებარე ორსართულიანი შენობის მეორე სართულის ¹10, ¹11 და ¹12 ოთახების საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, დ., ს., მ. პ-შვილები და მ. მ-ოვი ცნობილ იქნენ მითითებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებად.

საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ... ქ.¹6-ში მდებარე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით 1/2-1/2 ნაწილში რეგისტრირებული იყო ე. ა-ოვისა და ა. მ-იანის სახელზე.

საქმეზე წარმოდგენილი საბინაო პირობების შემოწმების შესახებ 1990 წლის ¹281 ცნობით, საბინაო წიგნის ჩანაწერების, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობების და თავად მოპასუხის აღიარების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თანამოსარჩელეები “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე _ 1998 წლის 25 ივნისამდე, ჩაწერილები იყვნენ მითითებულ მისამართზე მდებარე სადავო საცხოვრებელ სადგომში 1972-76 წლებიდან. საქმეზე წარმოდგენილი სხვადასხვა კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თანამოსარჩელეები იხდიდნენ სადავო საცხოვრებელი სადგომის სხვადასხვა კომუნალურ გადასახადებს, როგორც სპეციალური კანონის მიღებამდე პერიოდისათვის, ასევე მის შემდეგაც.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თანამოსარჩელეებს დაკავებული ჰქონდათ, ქ.თბილისში, ... ქ.¹6-ში მდებარე შენობის მე-2 სართულის ¹10, ¹11 და ¹12 ოთახები, რომელიც განთავსებული იყო მოპასუხე ე. ა-ოვის კუთვნილ წილში.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ თავად აღიარა და დაადასტურა, რომ სადავო საცხოვრებელ სადგომში განთავსებული იყო თანამოსარჩელეთა კუთვნილი ნივთები და სადგომის გასაღებიც მათთან იმყოფებოდა, სასამართლომ, მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თანამოსარჩელეები 17 წელი აღარ ცხოვრობდნენ სადავო ბინაში და, შესაბამისად, შეწყვეტილი იყო სადავო საცხოვრებელი სადგომის მფლობელობა, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, არ გაიზიარა.

“საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, თანამოსარჩელეებს სამართლებრივი ურთიერთობები სადავო საცხოვრებელ სადგომთან მიმართებაში წარმოეშვათ მანამდე, სანამ ე. ა-ოვი გახდებოდა სადავო სადგომის მესაკუთრე და, შესაბამისად, მითითებული კანონის ნორამათა ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნივთის ახალი მესაკუთრის, ე. ა-ოვის საკუთრებაში გადასვლა არანაირად არ იწვევდა ამ ნივთის განთავისუფლებას მესაკუთრისა და მოსარგებლის უფლება-მოვალეობებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების შესაბამისად და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოადგენდა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობას, სასამართლომ მოპასუხის მითითება, რომ თანამოსარჩელეები დამქირავებლები იყვნენ, არ გაიზიარა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების შესახებ საკითხი და განმარტა, რომ, ვინაიდან თანამოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელით მოითხოვეს საცხოვრებელი სადგომის ღირებულების ოდნობის მიუთითებლად, საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა, მხარეთა შორის დავის საგანი აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების ოდენობის შესახებ საკითხი. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხეს, როგორც მესაკუთრეს არ აღუძრავს შეგებებული სარჩელი, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თანამოსარჩელეები, როგორც მოსარგებლეები, უფლებამოსილი იყვნენ მოეთხოვათ სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრების უფლების გადაცემა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ოვმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა აპალატის 2009 წლის 18 ივნისის განჩინებით ე. ა-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ნოემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ა-ოვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით გაუქმდა და საქმე არსებითად იქნა განხილული.

ამავე სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ე. ა-ოვის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ., ს., მ. პ-შვილებისა და მ. მ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა; თანამოსარჩელეები ცნობილ იქნენ, მათ მიერვე დაკავებული საცხოვრებელი სადგომის, ქ. თბილისში, ... ქ.¹6-ში განთავსებული ორსართულიანი შენობის მე-2 სართულის ¹10, ¹11 და ¹12 ოთახების თანამესაკუთრეებად და სანაცვლოდ, ე. ა-ოვის სასარგებლოდ დაეკისრათ 3385 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს 17 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ უცხოვრით სადავო ბინაში და სხვა მისამართზე ცხოვრობდნენ, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტმა ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოწინააღმდეგე მხარეების სხვა მისამართზე ცხოვრების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ მხარეებს შორის არსებობდა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება და თანამოსარჩელეები წარმოადგენდნენ მითითებული კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოსარგებლეებს, შესაბამისად, სასამართლომ აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გაიზიარა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (შეგებებული სარჩელით) ე. ა-ოვს არ მოუთხოვია მოსარგებლეებისათვის, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის შეწყვეტა მათთვის შესაბამისი ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ. იმის გათვალისწინებით, რომ ე. ა-ოვი თანამოსარჩელეებს მოსარგებლეებად არ ცნობდა და უარს აცხადებდა მათთვის კომპენსაციის გადახდაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგანაც მოპასუხე არ განიხილავდა მხარეთა შორის ურთიერთობას “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონიდან გამომდინარე მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის ურთიერთობად და არ ცნობდა თანამოსარჩელეების, როგორც მოსარგებლეების სამართლებრივ სტატუსს, ამით უარს ამბობდა შესაბამისი კომპენსაციის გადახდაზე, რითაც თანამოსარჩელეებს, როგორც მოსარგებლეებს წარმოეშვათ შემხვედრი შეთავაზების უფლება და “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თანამოსარჩელეები, როგორც მოსარგებლეები, უფლებამოსილი იყვნენ მოეთხოვათ სადავო ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, ამ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე წარმოდგენილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 26 იანვრის ¹704/03/2 დასკვნის შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, ... მოედანი ¹6-ში მდებარე, ე. ა-ოვის მფლობელობაში არსებული 32.24 მ2 საცხოვრებელი და დამხმარე ფართის საბაზრო ღირებულება 2010 წლის იანვრის თვის მდგომარეობით სავარაუდოდ შეადგენს 13450 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, რომლის 25% შეადგენს 3385 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ., ს., მ. პ-შვილები და მ. მ-ოვი ცნობილ უნდა ყოფილიყვნენ სადავო საცხოვრებელი სადგომის თანამესაკუთრეებად ე. ა-ოვისათვის 3385 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის სანაცვლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-ოვმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება კანონდარღვევით გამოიტანა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

კასატორის განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 28 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე უნდა განხილულიყო მისი საჩივარი ამავე სასამრთლოს 2010 წლის 25 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მისი ზეპირი შუამდგომლობა, რომ ავადმყოფობის გამო, საქმის არსებითი განხილვა სხვა დროისთვის გადაედო, სასამართლომ არ გაითვალისწინა. კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლო იხილავდა მის სააპელაციო საჩივარს, მაშინ მას უნდა გამოეტანა საქმის მოსმენის შესახებ განჩინება სსკ-ის 376-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383.3 მუხლი და არ მისცა საშუალება გამოეყენებინა მისი ყველა უფლება შეემოწმებინა სადავო მტკიცებულებები.

კასატორის განმარტებით, მისი პროტესტი ექსპერტის დასკვნის იმ ნაწილთან მიმართებაში, რომ 32 კვ.მ მითითებული იყო შესასვლელიანად, სასამართლომ არ გაითვალისწინა და შესასვლელიც პ-შვილს მიაკუთვნა, რითაც დაარღვია კანონი.

კასატორის მოსაზრებით, მას, თავისი საკუთარების შესანარჩუნებლად, უარი კომპენსაციის გადახდაზე არ განუცხადებია იმ შემთხვევაში, თუ დამაჯერებელი იქნებოდა მ-ოვების ოჯახის მოსარგებლედ მიჩნევა, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ არ გამოიყენა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობით წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 2(3) მუხლი, რომლითაც მისი, როგორც მესაკუთრის, უფლებები განისაზღვრებოდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორის მოსაზრებით, გადაწყვეტილებაში შეცდომითაა მითითებული მოსამართლე ი. ადეიშვილი, ვინაიდან იგი საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ოვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ა-ოვის საკასაციო, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის 70% _70 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ა-ოვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ ე. ა-ოვს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის 70% _ 70 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.