საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002882122
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №1018აპ-19 ქ. თბილისი
შ-ე გ, 1018აპ-19 30 აპრილი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. შ-ს, - დაბადებულს ... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 23 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თ-ი, სოფელი დ-ი, რ-ს ქუჩა №...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ გ. შ-ა და მის მეუღლეს - მ. ე-ს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ. კონფლიქტისას გ. შ-მ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა თავის, გულმკერდისა და მხრების არეში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განაჩენით გ. შ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. პროკურორი ანა კალანდაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. შ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
5. სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთების მოტივაციას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. კერძოდ:
6. დაზარალებულმა მ. ე-ა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე სასამართლოში;
7. მოწმეების - გ. ს-ს, ლ. უ-ს, გ. გ-ს, ი. ს-ს, ი. რ-ს, ქ. კ-ს, ზ. გ-ს მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებები, აგრეთვე, გ. ს-ს პატაკი და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება სხვა პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით.
8. რაც შეეხება კასატორის აპელირებას წერილობით მტკიცებულებებზე - შეტყობინებაზე ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით (შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ მ. ე-ს, მისივე გადმოცემით, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა) და პაციენტ მ. ე-ს სამედიცინო შემოწმების ბარათზე (აღნიშნულია, რომ პაციენტის (მ. ე-ს) გადმოცემით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა) აღნიშნულს სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან მათში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების დასადასტურებლად არ არსებობს პირველწყაროს (დაზარალებულ მ. ე-ს) სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით; ხოლო მოწმე ლ. შ-მ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შეცვალა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
9. სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო დოკუმენტის (სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N… /დათარიღებული …-ით) მონაცემების თანახმად: მოქალაქე მ. ე-ს სამედიცინო ბარათის მიხედვით დაუდგინდა დიაგნოზი: სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევით ან წინასწარ განზრახული - დიაგნოზი დაუზუსტებელია. ვინაიდან დიაგნოზი იყო დაუზუსტებელი სხეულის დაზიანების განსაზღვრისას იგი ექსპერტიზამ მხედველობაში არ მიიღო. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სამედიცინო დოკუმენტის ჩანაწერით მ. ე-ს სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ზ. გ-ა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
10. დაკავების ოქმის თანახმად, გ. შ-ე დააკავეს სასამართლოს განჩინების გარეშე, ვინაიდან მას წაასწრეს დანაშუალის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; ხოლო მოწმის სახით დაკითხული პატრულ-ინსპექტორების - გ. ს-ს და ლ. უ-ს ჩვენებებით, 2019 წლის 23 იანვარს, რადიოსადგურ ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მიღებული გამოძახების საფუძველზე გამოცხადდნენ თ-ი, სოფელი დ-ი, რ-ს ქ.N.... სახლში შესვლამდე ეზოში ესმოდათ ბინიდან გამომავალი ხმამაღალი ხმა. სახლში დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ. ე-ი, გ. შ-ე და ლ. შ-ე. მ. ე-ა პოლიციელებს განუცხადა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტის დროს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავის, მხრების და გულმკერდის არეში. მოწმეთა ჩვენებებით დაზარალებულს ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნებოდა, თუმცა იყო აღელვებული. გ. შ-ე დააკავეს თავის საცხოვრებელ სახლში.
11. სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ: „სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულის მხრიდან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას, ამიტომ ოჯახური დანაშაულის ხასიათის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაზარალებულის ჩვენების არარსებობის ან საქმის მასალებში ბრალდებულის მიმართ დაზარალებულის პრეტენზიის არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, ბრალდებულის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე“ (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება №766აპ-19).
12. აღნიშნული კატეგორიის საქმეთა წარმოების სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრალდების მხარეს ეკისრება ვალდებულება, უფრო მეტი ძალისხმევით მოიპოვოს და შეკრიბოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას, რათა, ერთი მხრივ, წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობა არ იყოს დამოკიდებული პროცესის მონაწილეების მიერ სსსკ–ის 49-ე მუხლით მათთვის მინიჭებული უფლებით სარგებლობაზე და, მეორე მხრივ, არ გამოიწვიოს დაზარალებულთა მეორეული ვიქტიმიზაცია და უნდობლობა არსებული სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობისადმი, არ იწვევდეს დაუსჯელობის განცდას (იხ., A. v. Croatia, no. 55164/08, § 67, ECtHR, 14/10/2010; Ž.B. v. Croatia, no. 47666/13, § 50, ECtHR, 11/07/2017; Volodina v Russia, no. 41261/17, §78, ECtHR,09/07/2019).
13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
14. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა ( მათ შორის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება), რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. შ-ს მიერ მისთვის შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი გ. შ-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
15. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. კერძოდ, საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; კასატორი არ არის არასრულწლოვანი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე