საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 13.05.2020
საქმის ნომერი
2კ-188აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #160100119002869267

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №188აპ-20 ქ. თბილისი

ს–ი რ., 188აპ-20 13 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებულ რ. ს–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ის გამართლებას.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენით რ. ს., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. რ. ს–ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 19 იანვრიდან.

მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ რ. ს–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, საერთო წონით 3,66 გრამს, რაც ამოიღეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 19 იანვარს, 16:25 საათზე, ...... რაიონის სოფელ ........... დამაკავშირებელ, ცენტრალურ გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის დროს.

4. რ. ს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 2018 წლის 12 ივნისს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) განმეორებით მოხმარების ფაქტზე. იყო რა ნასამართლევი, მან კვლავ მოიხმარა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რაც გამოვლინდა 2019 წლის 19 იანვარს მისი ნარკოლოგიური შემოწმებისას, რა დროსაც დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და რ. ს–ის გამართლებას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8.საკასაციო სასამართლო კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ რ. ს–ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებებში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა: მოწმეების -ს–ის, რ–ის, ს–ის გამოკითხვის ოქმები, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 19 იანვრის ნარკოლოგიური გამოკვლევის #...... დასკვნა, პირადი ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 20 იანვრის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა.

9. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს საპროცესო დარღვევებზე, რომ თითქოს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის გაყალბებული, ორი პირის მიმართ პირადი ჩხრეკა და ოქმების შედგენა თითქმის ერთდროულად მიმდინარეობდა, რასაც ასრულებდნენ ერთი და იგივე გამომძიებლები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში დაცვის მხარის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხია გაცემული, კერძოდ, აღნიშნულია, რომ რ. ს–ს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მათი საპროცესო დამაგრება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, ნარკოტიკული საშუალება დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით; რ. ს–ის, ს. ი–ის და რ. ა–ის პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებია ერთსა და იმავე პირს, ჩხრეკის ოქმს და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმს ხელს აწერს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი, პირადი ჩხრეკისა და ა/მანქანის ჩხრეკის ოქმების თანახმად, ოქმზე შენიშვნები არ გამოთქმულა.

10. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ. ს–ს ჰპირდებოდნენ საპროცესო შეთანხმებას და იგი არაკეთილსინდისიერი ადამიანების შეთქმულების მსხვერპლია, სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს მოცემულ საკითხზე ამომწურავი პასუხები გაეცა.

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR,N49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

12. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ რ. ს–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე