საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 20.05.2020
საქმის ნომერი
2კ-918აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #330100118002578655

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №918აპ-19 ქ. თბილისი

ძ–ი ჯ. 918აპ-19 20 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ძ–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

მსჯავრდებული ჯ. ძ–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჭ–ი საკასაციო საჩივრებით ითხოვენ განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ძ–ის გამართლებას.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით ჯ. ძ–ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 29 ივნისიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ჯ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ჯ. ძ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2018 წლის 29 ივნისს, დაახლოებით 14:00 საათზე, ჯ. ძ–ი მგზავრობდა №.. ავტობუსით, რა დროსაც ქ. თ–ში, ..... მე-.. მ/რაიონის №.... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ცდილობდა თ. ფ–ს ხელჩანთიდან დაუფლებოდა რაიმე ღირებულ ნივთს, რაც შეამჩნიეს პოლიციის მუშაკებმა და იგი ადგილზე დააკავეს.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო თუ სასამართლო არ გაიზიარებდა ამ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში - მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 13 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კასატორები არ უთითებენ არც სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს განმარტებას.

6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: დაზარალებულ თ. ფ–სა და მოწმეების - კ. გ–ს, დ. კ–ს, თ. ი–ის ჩვენებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ. ძ–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

7. გარდა ამისა, კასატორები - მსჯავრდებული ჯ. ძ–ი და მისი ადვოკატი საკასაციო საჩივრებში ვერ უთითებენ სასამართლოების მიერ საქმის განხილვისას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივ შეფასებასა და ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციაზე.

8. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე (მათ შორის: მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე), რაზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივრებში ამახვილებს ყურადღებას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ ( Kuparadze v Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ძ–სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჭ–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე