საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 27.05.2020
საქმის ნომერი
2კ-934აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.05.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002406092

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№934აპ-19 ქ. თბილისი

მ. ნ., 934აპ-19 27 მაისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით) შერაცხული ბრალდების ნაწილში და მაქსიმალურად მსუბუქი სასჯელის შეფარდებას, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნ. მ-ს ქმედებაში არ დასტურდება დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმების არსებობა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ნ. მ., - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ნ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 22 მაისიდან.

მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 24 მარტიდან 2018 წლის 26 მარტის ჩათვლით.

მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

აღნიშნული განაჩენით სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

ნ. მ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნ. მ-მ გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს „...“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულად თანხას. ამ მიზნით, 20.. წლის .. მარტს, დაახლოებით 05:10 საათზე, ისინი მივიდნენ .... მდებარე შპს „...“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რა დროსაც ხელსაწყოების გამოყენებით, დააზიანეს და გახსნეს აპარატის კარი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მასში მოთავსებულ ფულად თანხას -1076 ლარს, რაც წაიღო ნ. მ-ს თანმხლებმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, რომელიც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, ხოლო ნ. მ., როდესაც ასევე ცდილობდა მიმალვას, ადგილზევე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. აღნიშნული ქმედებით შპს „...“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. მ-მ. აპელანტმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება, ნ. მ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სასჯელის სახით შინაპატიმრობის განსაზღვრა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს ქმედებაში არ იკვეთება წინასწარი შეთანხმების არსებობა, ვინაიდან ეს შეთანხმება დადასტურებულია დანაშაულის უშუალო შემსწრე პირების, მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების - ჯ. ბ-სა და კ. მ-ს ჩვენებებით. მათ სასამართლოს განუმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე „...“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან შენიშნეს ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ძალაყინის საშუალებით ტეხდა აპარატის კარს, ხოლო მეორე ეხმარებოდა. ასევე მიუთითეს, რომ პოლიციელების დანახვაზე ორივე მათგანი ერთად, ერთი მიმართულებით გაიქცა. მათ მხოლოდ ნ. მ-ს დაკავება შეძლეს. მითითებულ მოწმეთა ჩვენებები არის დამაჯერებელი, სარწმუნო, თანხვდენილი როგორც ერთმანეთთან, ასევე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და, ამასთან, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სამართალდამცავთა დაინტერესებას ნ. მ-ს ბრალდების ხელოვნურად დამძიმების თვალსაზრისით, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს მოწმეთა ჩვენებების არგაზიარებისა და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ნ. მ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. მ-ს საკასაციო საჩივარი.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი