დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 030141120003518277
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№181-20 5 მაისი, 2020 წელი
ო.-ა. მ., 181-20 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ო-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ც-ს საკასაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით მ. ო.-ა. (ძებნილი) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მ. ო.-ა-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ მიესაჯა 4 (ოთხი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენით მ. ო.-ა-ს მსჯავრი დაედო თაღლითობაში, ესე იგიმართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებაში.
მ. ო.-ა-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 20.. წლის .. ივლისს ... მცხოვრები მ. ო.-ა. ნდობის გამოყენებითა და მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ. ქ-ს კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15 120 ლარს.
2. მ. ო.-ა-მ თავი აარიდა გამოძიებასა და სასამართლოს, რის გამოც მის მიმართ 2014 წლის 6 ოქტომბერს გამოცხადდა ძებნა.
3. 2020 წლის 26 თებერვალს ფოთის რაიონულ პროკურატურას განცხადებით მიმართა ძებნილი მსჯავრდებულის - მ. ო.-ა-ს ადვოკატმა კ. ც-მ, რომელმაც წარადგინა დაზარალებულ მ. ქ-ს ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა მსჯავრდებულ მ. ო-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების თაობაზე და მოითხოვა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვა ძებნილი მსჯავრდებულის სასჯელისაგან გათავისუფლების მიზნით.
4. 2020 წლის 10 მარტს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ემელიანე ბერაიამ, რომელმაც მოითხოვა ძებნილ მსჯავრდებულ მ. ო-ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის გამოყენებით ამნისტიის გავრცელება.
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინებით ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ემელიანე ბერაიას შუამდგომლობა ძებნილი მსჯავრდებულის - მ. ო-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მოთხოვნების გავრცელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ო-ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ც-მ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ კანონის გავრცელება და მისი სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მიხედვით, ამნისტია არის ერთჯერადი აქტი, კერძოდ: ამ კანონის შესავალში აღნიშნულია, რომ ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად, პატიმართა და პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიზანშეწონილობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მიერ კრიმინოგენული სიტუაციის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მექანიზმების არსებობის პირობებში, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით აცხადებს ამნისტიას.
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
4. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენით მ. ო-ა-ს მიმართ უკვე გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული მ. ქ. წინააღმდეგი იყო, მსჯავრდებულის მიმართ გავრცელებულიყო მითითებული კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი, მ. ო-ა-ს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით. შესაბამისად, „ამნისტიის შესახებ“ მითითებული კანონის გამოყენების შემდეგ მოპოვებული დაზარალებულის თანხმობა არ წარმოადგენს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის ხელმეორედ გავრცელების საფუძველს.
5. გარდა ამისა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ ძებნილ მსჯავრდებულ მ. ო-ა-ს დააპატიმრებენ ან თავად გამოცხადდება სათანადო ორგანოებში და თუ იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 თებერვლის განაჩენს გაასაჩივრებს, სასამართლოს უფლება ექნება, იმსჯელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებაზე.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ. ო-ა-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 19 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი