დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-803-752-2010 18 ნოემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ,,ს. ც. კ. კ.” (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ე. ჯ.” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებულ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “ს. ც. კ. კ.-მ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე. ჯ.-ს” მიმართ მოსარჩელის მიერ უკანონოდ გადახდილი 2777,92 ლარისა და ზიანის _ 1 ლარის ანაზღაურების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოპასუხე ახორციელებს მოსარჩელისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას, რის სანაცვლოდაც მოსარჩელე სისტემატურად იხდიდა გადასახადს.
2008 წლის 21 თებერვლიდან სს “ე. ჯ.” შპს “ს. ც. კ. კ.-საგან” უკანონოდ ითხოვდა მოპასუხის მიერ სს “ე.-სათვის” გადახდილი 2777,92 ლარის გადახდას, რაც აიძულა მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გზით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2007 წლის 18 ოქტომბერს სს “ე. ჯ.-სა” და სს “ე.-ს” შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა, ამოეღო და სს “ე.-სათვის” გადაეცა აღნიშნული საზოგადოების მიმართ არსებული აბონენტთა დავალიანებები. შესაბამისად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეღო სადავო თანხა მოსარჩელისაგან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ს. ც. კ. კ.-ს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შპს ,,ს. ც. კ. კ.-მ” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს “ს. ც. კ. კ.-სა” და სს “ე. ჯ.-ს” შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ. 2007 წლის 29 ივნისამდე შპს “ს. ც. კ. კ.-” წარმოადგენდა სს “ს. გ. ს. ე.-ის” აბონენტს, ხოლო შემდეგ _ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტს.
სს “ე.” იყო სს “ს. გ. ს. ე.-ის” უფლებამონაცვლე და შპს “ს. კ. კორპორაციის” მიმართ გააჩნდა დავალიანება 56466,67 ლარის ოდენობით.
2007 წლის 22 ნოემბერს სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ¹077259 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მოახდინა დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება და სს “ე-ის” კუთვნილი თანხა _ 2777,92 ლარი (1 ივნისიდან 29 ივნისამდე მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება) გაიმიჯნა სს “ენ.” კუთვნილი თანხისაგან. აღნიშნული კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა წარედგინა შპს “ს. კ. კ.-ს”.
2009 წლის 9 ივნისს შპს “ს. კ. კ.-მ” გადაიხადა 2777,92 ლარი, რაზეც სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიერ 2009 წლის 2 ივნისს გამოწერილ იქნა ანგარიშ-ფაქტურა.
2007 წლის 18 ოქტომბერს სს “ე-სა” და სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის შედგა შეთანხმება ელექტროენერგიის საფასურის ამოღების შესახებ, რომლის “დ” პუნქტის თანახმად, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თარიღის შემდეგ ს. გ. ს. ე.-ა აღარ არის უფლებამოსილი ამოიღოს მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური და ყველა მისი აბონენტი გახდა სს “ენ-ს” აბონენტი. ამავე ხელშეკრულების “ვ” პუნქტის თანახმად, აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 5.4. მუხლის თანახმად, დასრულების თარიღის შემდგომ მყიდველის მიერ მიღებული ნაღდი ფულადი სახსრები ეკუთვნის მყიდველს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი ნაღდი ფულადი სახსრები მიღებულია შესაბამისი გამყიდველის მიერ დასრულების თარიღამდე გაცემული ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე, რომლებიც გაიცა მოქმედი სტანდარტული ბილინგის ციკლის შესაბამისად დასრულების თარიღამდე მომხმარებლისათვის მიწოდებული ელექტროენერგიისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის.
2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულების მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ ს. გ. ს. ე.-ს მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობა არ წარმოადგენს აბონენტის გათიშვის საფუძველს.
აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების ფაქტიური თარიღია 2007 წლის 29 ივნისი.
ამასთან, სს “ე.-სა” და სს “ე. ჯ.-ს” შორის არსებული ¹231-10/7 შეთანხმების თანახმად, სს “ე. ჯ.-მ” იკისრა ვალდებულება, განახორციელოს აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღამდე სგსე-ს მიერ მის აბონენტებზე დარიცხული და მათთვის მიწოდებული, მაგრამ დაურიცხავი ელექტროენერგიის საფასურის ამოღება და მიღებული თანხები გადასცეს სს “ე.-ს”. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ სს “ე.-მ” იკისრა ვალდებულება, გადაიხადოს მომსახურების საფასური. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სს “ე. ჯ.” არსებული დავალიანების თანხებს ამოიღებს და გადასცემს “ე.-ს” აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასრულების თარიღიდან 4 თვის განმავლობაში.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შპს “ს. კ. კ.-ს” სს “ე.-ის” მიმართ გააჩნდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანება 2777,92 ლარის ოდენობით, რაც აპელანტმა სადავოდ გახადა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლისა და 712-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ასევე 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს “ე. ჯ.” უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა და მიეღო სს “ე.-ს” აბონენტებისაგან, მათ შორის, შპს “ს. ც. კ. კ.-საგან” დავალიანების არსებული თანხა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლი, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხემ სს “ე.-ს” გადაურიცხა მოსარჩელის დავალიანების თანხა. იგი სრულიად უფლებამოსილი იქნებოდა, აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება მოეთხოვა შპს “ს. ც. კ. კ.-სათვის” იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესა და სს “ე.-ს” შორის არ არსებობდა ვალდებულების გაქვითვის, ან სხვაგვარად შეწყვეტის დოკუმენტი. ამდენად, თუნდაც დადგენილად ჩაითვალოს, რომ სს “ე. ჯ.-მ” აღნიშნული თანხა დავალების ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მიიღო, მას არ შეიძლება მოეთხოვოს მისი უკან დაბრუნება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიის შეწყვეტის საფუძველი გახდა არა სს “ე.-ს” მიმართ, არამედ უშუალოდ მის მიმართ შპს “ს. ც. კ. კ.-ს” დავალიანების არსებობა.
პალატამ მიიჩნია, რომ შპს “ს. ც. კ. კ.-ს” მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო სს “ე. ჯ.” უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება, შესაბამისად, მისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების პირობები არ არსებობდა. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ სს “ე. ჯ.-მ” ელექტროენერგიის შეწყვეტის თაობაზე არაერთი გაფრთხილების წერილით მიმართა შპს “ს. ც. კ. კ.-ს”. ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის ¹20 დადგენილების მე-12 მუხლი მას არ დაურღვევია.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულების ნაწილში, პალატამ აღნიშნა, რომ თითოეული მხარე ხელშეკრულების დადებისას თავისუფალია. მის პირობებზე შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების ყველა მხარის ნების გამოვლენის შედეგს და სასამართლოს მიერ რომელიმე მხარის იძულებით დავალდებულება, დადონ ხელშეკრულება ამა თუ იმ პირობით,Y ზღუდავდა სამოქალაქო თავისუფლებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს ,,ს. ც. კ. კ.-მ” გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 18 ოქტომბრის ხელშეკრულებასთან მიმართებით არასწორად განმარტა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 709-ე და 712-ე მუხლები, რადგან ხსენებული გარიგების მოქმედების ვადა ამოიწურა 2007 წლის 29 ივნისიდან 4 თვეში, შესაბამისად, 2007 წლის 1 ნოემბრიდან დავალება აღარ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 986-ე მუხლი. მოპასუხეს არცერთხელ არ მიუთითებია და არც უცდია დაესაბუთებინა, რომ მან შეცდომით ან შეგნებულად გადაიხადა სხვისი ვალები. შესაბამისად, საქმის განხილვისას დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნები შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ, ვინაიდან სასამართლომ ამ საკითხზე საკუთარი ინიციატივით იმსჯელა.
პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს ელექტროენერგიის მიწოდების სფეროში მონოპოლისტური მდგომარეობა ეკავა და მასვე ეკისრება ხელშეკრულების დადების ვალდებულებაც.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ ავალდებულებს ლიცენლზიანტებს, გააფორმონ მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები აბონენტებთან და ასევე გააფორმონ და შესაბამის კომისიაში წარადგინონ ერთმანეთთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულებები ურთიერთჩართვის შესახებ.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ 2009 წლის 2 ივნისს მოპასუხემ გამოწერა ანგარიშ-ფაქტურა. ფაქტობრივად ამ დროს მოპასუხემ გამოწერა ინვოისი და არა საგადასახადო კოდექსის მიხედვით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ანგარიშ-ფაქტურა. აღნიშნულის შედეგად შპს ,,ს. ც. კ. კ.-მ” იზარალა ჩაუთვლელი დღგ-ს თანხით – 423 ლარით.
გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, რომ შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” გააჩნდა დავალიანება სს „ე.-ს” მიმართ 2777,92 ლარის ოდენობით.
სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ მოპასუხის მიერ 2009 წლის 2 ივნისს გამოწერილ ინვოისზე 2777.92 ლარის შესახებ, რომელშიც მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობად მითითებულია ნული, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად – 2007 წლის 18 ოქტომბრის ვადაგასული ხელშეკრულება დავალების შესახებ. შესაბამისად, 2009 წლის 2 ივნისის მდგომარეობით შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” მოპასუხის მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დავალიანება არ გააჩნდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაბრუნების, ზიანის ანაზღაურებისა და გარიგების დადების დავალდებულების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 23 სექტემბერს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ შპს ,,ს. ც. კ. კ.-ს” დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.