საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 30.07.2020
საქმის ნომერი
2კ-346აპ.-20
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.07.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №346აპ-20 თბილისი

მ-ი თ-თ, 346აპ-20 30 ივლისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. მ-ის ბრალი დაედო:

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატურ ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი;

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

o 2019 წლის 6 მაისიდან იმავე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდში მ. თ-ი ალკოჰოლური თრობის დროს, თავის ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ბ-ს სცემდა სისტემატურად, კერძოდ: 2019 წლის 6 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე და იმავე წლის 7 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბ-ში, ქ-ის ქუჩა №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში, მ. თ-მა სახისა და თავის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისი ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ბ-ს, ხოლო იმავე წლის 4 ივლისს - ბინის კართან თმა მოქაჩა და თავსა და სახეში ხელი დაარტყა;

o 2019 წლის 4 ივლისს, ღამის საათებში, ბ-ში, ქ-ის ქუჩა №--ში მდებარე მათ დროებით საცხოვრებელ ბინაში ყოფნისას, მ. თ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ. ბ-ს.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:

· თ. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

· თ. მ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;

· თ. მ-ი, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2019 წლის 4 ივლისიდან.

4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 4 ივლისს, ბ-ში, ქ-ის ქუჩა №--ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, თურქუთ მ. მ-ეს - ნ. ბ-ს სახეში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, თ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანი ბორჩაშვილმა, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას, თ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, რაც დაკავშირებული იქნება სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს მ. თ-ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება მ. თ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებასთან მიმართებით (როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ბორჩაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე