საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002791035
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№108აპ-20 ქ. თბილისი
ა. ს., 108აპ-20 26 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ს. ა-ს დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილ ქმედებაში. პროკურორის მითითებით, განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ს. ა-ს ბრალეულობას; მოწმის სახით დაკითხულმა თარჯიმანმა ლ. კ-მ, რომელიც მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, დაადასტურა, რომ დაზარალებულმა ჯ. მ-მ უამბო, როგორ სცემა მას მეუღლემ; მოწმე ა. გ-მ განმარტა, რომ დაზარალებულის გადმოცემით, ს. ა. მასზე ძალადობდა; საგამოძებო ექსპერიმენტის (ვითარების აღდგენის) ოქმი სასამართლოს შეეძლო დამოუკიდებელ მტკიცებულებად გამოეყენებინა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს. ა-ს ბრალი დაედო ოჯახში ძალადობაში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ-ს რაიონის სოფელ ა-ში, ა-ების ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, პირადი უთანხმოების ნიადაგზე ს. ა-მ გაშლილი ხელის სახის, კერძოდ, ლოყისა და ცხვირის არეში დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე - ჯ. მ-ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. ს. ა-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
4. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენით ს. ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ს. ა-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა; ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული მტკიცებულებების ნაწილი (მათ შორის მოწმეების: ლ. კ-სა და ა. გ-ს ჩვენებები) არის ირიბი; დაზარალებულმა ჯ. მ-მ სასამართლოს არ მისცა ჩვენება და გამოკვეთილი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა; ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; რაც შეეხება დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. ამდენად, საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ორ შემთხვევაში: ა) ინფორმაციის (ჩვენების) შესამოწმებლად; ბ) საგამოძიებო ვერსიის შესამოწმებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულია დაზარალებულ ჯ. მ-ს ჩვენების შესამოწმებლად, რაც ხაზგასმით მითითებულია საგამოძიებო მოქმედების ოქმშიც. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის/დაზარალებულის ჩვენება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი რაოდენობრივად ორი სხვადასხვა მტკიცებულებაა, თუმცა ცალსახაა, რომ ორივე შემთხვევაში ინფორმაციის მომწოდებელი წყარო არის ერთი და იგივე პირი. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფაქტობრივად (შინაარსობრივად) არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება, რომელიც ასახულია გამოკითხვის ოქმში. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა - ჯ. მ-მ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ჯ. მ-ზე მისი მეუღლე - ს. ა. ძალადობდა.
10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი