გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ას-940-886-2010 13 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ გ. გ-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თელასი» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი _ უკანონოდ დარიცხული დავალიანების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «თელასის» მიმართ უკანონოდ დარიცხული ელექტროენერგიის უკანონოდ ცნობის, 2008 წლის 10 ივლისის ¹175578 აქტისა და 2008 წლის 13 აგვისტოს ¹08-6400778 ქვითრის ბათილობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის ივლისში გ.გ-შვილის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში შეიცვალა ელექტრომრიცხველები, რაზეც შედგა აქტი და გ.გ-შვილის მრიცხველის ანათვალად მიეთითა 19931 კვ. აღნიშნულის შესაბამისად მოპასუხემ მას დაარიცხა 1410,53 ლარის დავალიანების გადახდა, რაც უკანონოა და მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობას მნიშვნელოვნად აღემატება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გ.გ-შვილს სადავო დავალიანება დაერიცხა კანონიერად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინებით გ.გ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი: 2008 წლის 10 ივლისს სს «თელასის” თანამშრომლების მიერ შესდგა ელექტროაღრიცხვიანობის შემოწმების ¹175578 აქტი, რომელშიც დაფიქსირდა აბონენტ გ-შვილის ¹1190972 მრიცხველის მოხსნის ფაქტი.
სს «თელასის” ¹08-6400778 ქვითრის მიხედვით, აბონენტ გ-შვილის დავალიანება მრიცხველის ჩვენების მიხედვით შეადგენს 1410 ლარსა და 53 თეთრს. მრიცხველის მოხსნის დროისათვის მრიცხველზე ¹008772 დაფიქსირდა ჩვენება 19930,9 კვ.მ. აღნიშნული გარემოება დადგენილია 2008 წლის 10 ივლისის ელექტროაღრიცხვიანობის შემოწმების აქტითა და დასკვნით მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შესახებ.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა და განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო შებოჭილია არა მარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ლაბორატორიის დასკვნა, თუმცა მიუხედავად იმის, რომ ეთანხმება დასკვნაში არსებულ მითითებას მრიცხველის გამართულად მუშაობის თაობაზე, იგივე დასკვნაში მრიცხველის ჩვენება არასწორად მიაჩნია. აპელანტს მრიცხველი ალტერნატიულად არ შეუმოწმებია. ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, კი დადასტურებულია, რომ ვიზუალური შემოწმებით მრიცხველი და ბრჯენი წესრიგში იყო.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ ერთი კვირით ადრე გადახდილი იყო ელექტროენერგიის გადასახადი და ქვითარში მითითებული იყო აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი, რაც შეუსაბამობაშია შემოწმების აქტში მითითებულ ჩვენებასთან, პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შესაბამისად, თავად მოსარჩელე იყო ვალდებული, სასამართლოსათვის წარმოედგინა სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სადავო დავალიანების გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა გასაჩივრებული ქვითრის და აქტის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ელექტრონერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების აქტში ასახულია მრიცხველის მოხსნის ფაქტი, ხოლო სს «თელასის” ქვითარში დაფიქსირებულია მიმდინარე დავალიანება და მისი გადახდის ვადა. სადავო აქტი და ქვითარი არ წარმოადგენს მისთვის თანხის დარიცხვის საფუძველს, შესაბამისად, მათი ბათილობის შედეგად, მოსარჩელე სადავო დავალიანების გადახდისაგან ვერ გათავისუფლდება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება გ. გ-შვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა იმ გარემოებაზე, რომ გ.გ-შვილს მრიცხველის ლაბორატორიულად შემოწმების დასკვნა სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვალდებული იყო, დაენიშნა ექსპერტიზა მრიცხველის შესამოწმებლად.
ზემოხსენებული ლაბორატორიული დასკვნა ეფუძნება სადავო მრიცხველის მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკმარისი არ არის. აღსანიშნავია, რომ კასატორმა სცადა ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში მრიცხველის შემოწმოება, თუმცა სს «თელასის» წერილის თანახმად მრიცხველი ამჟამად განადგურებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მართლზომიერადაა მიიჩნეული ს.ს ,,თელასის’’ მიერ გ-შვილისათვის 1410,53 ლარის დარიცხვის ფაქტი. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას და თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა არსებობის ან არსებობის შესახებ.
მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდებაAFროგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის (მოსამართლეთა) მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის |შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილ ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სასამართლოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გარეშე სასამართლოს დასკვნა იქნება არალოგიკური, არსებულ რეალობას მოკლებული და არაადეკვატური.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე მიიჩნია მართლზომიერად გ.გ-შვილისათვის თანხის დარიცხვა, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია, თუ რამდენად შეესაბამება დარიცხული თანხის ოდენობა რეალობას. საქმეში არსად არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ კასატორი არ იხდიდა, თავს არიდებდა საფასურის გადახდას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაუგროვდა გადასახადი. არც იმის მტკიცებულება არსებობს, რომ მოსარჩელე ფლობს დანადგარებს, რომელთაც ფუნქციონირებისათვის დიდი რაოდენობის ელექტროენერგია ესაჭიროებათ ან მას გააჩნია იმხელა ფართი, რომ მისი განათება ასეთი დიდი ოდენობის ელექტროენერგიის გარეშე შეუძლებელია. მითუმეტეს, რომ დარიცხვა ხდება ზაფხულის პერიოდისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს. მრიცხველის მუშაობის გამართულობის თაობაზე ლაბორატორიული დასკვნაც კი უნდა შემოწმდეს არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში. შეუძლებელია, მრიცხველის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის ან აღრიცხვის სისწორის დადგენილად მიჩნევა, როდესაც სახეზეა არსებული რეალობის უგულვებელმყოფი გარემოებები. ზაფხულში, ერთი თვის განმავლობაში სინათლის ასეთი დიდი ღირებულების დაკისრების ასახსნელად უნდა არსებობდეს რეალური, ლოგიკური მიზეზი, რაც სასამართლოს გამოკვლეული და შეფასებული არ აქვს. ხოლო მტკიცებულებათა ცალმხრივი და არასრული ანალიზით მივდივართ არალოგიკურ, არარეალურ დასკვნებამდე.
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება, ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო, იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა იქნეს განხილული სასამართლოს მიერ. საქმის ხელახალი განხილვისას არსებული მტკიცებულებების შეფასებით უნდა დადგინდეს გარემოება იმის თაობაზე, მოიხმარდა თუ არა მოსარჩელე მასზე დაკისრებული თანხის შესაბამის ელექტროენერგიას სადავო პერიოდისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 აგვისტოს განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.