საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 01.06.2020
საქმის ნომერი
2კ-206აპ.-19
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002143869

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №206აპ-19 ქ. თბილისი

ა–ი მ., 206აპ-19 1 ივნისი, 2020 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი გიორგი სახიაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ა–სათვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდებას.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით მ. ა–ს, - დაბადებულს .... წელს, - ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ის რაიონის სოფელ ....., ა. ა–ის მაღაზიის წინ, მ. ა–მა ხელებით სცემა თავის სიძეს - ს: მ–ს, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ცემის ფაქტს შეესწრო ს. მ–ის არასრულწლოვანი შვილი, 2006 წლის 28 მაისს დაბადებული რ. მ–ი.

2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ის რაიონის სოფელ ....., ა. მ–ის მაღაზიის წინ, მ. ა–მა სცემა კ. მ–ას, რის შემდეგაც წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა. მვ–ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ. მ–მა და ა. მ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით:

მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

მ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით, 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

გაუქმდა მ. ა–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით მ. ა–ის (პირადი ნომერი .........) მიერ გადახდილი 2000 ლარი უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ......, ა. ა–ის მაღაზიის წინ, მ. ა–მა ხელებით სცემა თავის სიძეს - ს. მ–ს, რომელმაც ცემის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2017 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მ–ს რაიონის სოფელ ......., ა. მ–ის მაღაზიის წინ მ. ა–მა სცემა კ. მ–ას, რის შემდეგაც ადგილიდან წავიდა, მაგრამ მალევე დაბრუნდა და მუშტი დაარტყა სახის არეში იქვე მყოფ ა. მ–ს. ფიზიკური დაზიანების შედეგად კ. მ–მა და ა. მ–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. ა–თვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 7 თებერვლის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

7. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს.

9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

10. მოცემულ შემთხვევაში პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს მ. ა–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას, რასაც საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო: მ. ა–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შერიგებულია დაზარალებულებთან და მათ არ გააჩნიათ პრეტენზია მის მიმართ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე