საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #200100119003093043
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციოსაჩივრისდასაშვებობის
შემოწმებისშესახებ
საქმე №143აპ-20 ქ. თბილისი
შ–ი გ., 143აპ-20 10 ივნისი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1.მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. ქ–ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. შ–სათვის დანიშნული სასჯელის შემცირებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის სანქციის ფარგლებში.
2.თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით გ. შ–ი, - დაბადებული ..... წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ..... ეპიზოდი დაზარალებულ ნ. შ–ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულ ნ. შ–ის მიმართ) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის ...... ეპიზოდი დაზარალებულ ო. შ–ის მიმართ; 2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი დაზარალებულების - ო. შ–ისა და თ. შ–ის მიმართ) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ..... ეპიზოდი თ. შ–ის მიმართ) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის ..... ეპიზოდი დაზარალებულ ნ. ფ–ს მიმართ) - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 7 ივნისის ეპიზოდი დაზარალებულ ო. შ–ის მიმართ) - 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ. შ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 8 ივნისიდან.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან დაზარალებულებს და მათ კანონიერ წარმომადგენელს ეცნობათ საქმის სასამართლოში განხილვის შედეგები და განემარტათ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლების შესახებ.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის აპრილში ....... რაიონის სოფელ ...., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გ. შ–მა ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ნ. შ–ს, კერძოდ, თმის საპარსი დაარტყა მარცხენა ხელში. ძალადობის შედეგად ნ. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ. შ–ი 2012 წლის 25 ივნისიდან 2019 წლის 8 ივნისის ჩათვლით, .... რაიონის სოფელ ...., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ნ. შ–ს, არასრულწლოვანი შვილების - ლ. შ–ის, მ. შ–სა და თ. შ–ის თანდასწრებით სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ნ. შ–ი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.
გ. შ–ი 2019 წლის 7 ივნისს ..... რაიონის სოფელ ....., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შეშის ნაჭრის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - ნ. შ–ის ოჯახის წევრს - დედას - ნ. ფ–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ. შ–მა 2018 წლის ნოემბერში .... რაიონის სოფელ ....., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ო. შ–ს, კერძოდ, მარცხენა თვალის არეში დაარტყა მუშტი. ძალადობის შედეგად ო. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ. შ–ი 2019 წლის 7 ივნისს ....... რაიონის სოფელ ......., საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას - ო. შ–ს, რის შედეგად ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ. შ–ი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის 8 ივნისის ჩათვლით, .... რაიონის სოფელ ...., საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას - ო. შ–ს და დედას - თ. შ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, ო. შ–ი და თ. შ–ი ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.
გ. შ–მა 2019 წლის 7 ივნისს ...... რაიონის სოფელ ......, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - თ. შ–ს, კერძოდ, ყელის არეში უჭერდა ხელებს. ძალადობის შედეგად თ. შ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
გ. შ–მა 2019 წლის გაზაფხულზე ..... რაიონის სოფელ ....... მდებარე მამის - ო. შ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში და ამავე სოფელში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ დათესა, მოიყვანა, უვლიდა და ახდენდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების კულტივირებას. 2019 წლის 8 ივნისს ჩატარებული ო. შ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გ. შ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს ...... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს რვა ძირი კულტივირებული ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკის შემცველ კანაფის მცენარეს, საერთო წონით - 522,28 გრამს.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც დაზუსტებული საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, სასჯელის ნაწილის პირობით ჩათვლას.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 20 დეკემბრის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულ გ. შ–სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით გ. შ–სათვის სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და სამართლიანია. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდებისას, სხვა გარემოებებთან ერთად, გაითვალისწინა, რომ ო. შ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოსა და გ. შ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერების შედეგად შსს ..... რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს რვა ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე; დაკავების შემდეგ გ. შ–ი შემოწმდა ალკოჰოლურ და ნარკოტიკულ თრობაზე, რა დროსაც დაუდგინდა როგორც ალკოჰოლური თრობის, ისე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც აღნიშნა მსჯავრდებულმა, რომ წლების მანძილზე არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. დაზარალებულთა ჩვენებებით ასევე დგინდება, რომ გ. შ–ი არის ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელი და სიმთვრალის დროს ხდება უკონტროლო. შესაბამისად, როგორც დგინდება, გ. შ–ი არის ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების ხშირი მომხმარებელი და სასამართლო არ გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების ხშირი მოხმარებით გამოწვეულ აგრესიასაც, რის საფუძველზეც მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების (საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენება) საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. შ–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ– ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებულიგანსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
მ. ვასაძე